საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში ჩხრეკა მიმდინარეობს

საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში ჩხრეკა მიმდინარეობს

საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში საგამოძიებო უწყება ჩხრეკას ატარებს. ეს ინფორმაცია Imedinews-ს პროკურატურაში დაუდასტურეს. სხვა დეტალებ ჯერ არ არის ცნობილი.

ივერი მელაშვილი 2006-2017 წლებში იყო კომისიის წევრი, ახლა კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტში მუშაობს.

უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად ერთვის თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

კერძოდ, იმას, რომ კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

მანამდე, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტებია მოძიებული, რამაც შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს.