სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შესახებ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ადვოკატმა არ ისურვა წარმოედგინა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება.
შეგახსენებთ, 2020 წლის 24 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს N8 პენიტენციური დაწესებულების ოთხმა პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა იმიტომ, რომ მათ დაწესებულების დირექტორი სექსუალური ძალადობით დაემუქრა. ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში გამოყენებული იყო ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ინტერვიუ, სადაც მან განაცხადა: "ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბატონი ქინქლაძე (დაწესებულების დირექტორი) ეჩხუბა პატიმრებს იმის გამო, რატომ არ მოსწონდათ ჩაი და ამის გამო უთხრა, რომ მას გააუპატიურებდა. რაზეც ადეკვატური პასუხი ჰქონდათ პატიმრებს".
ინფორმაციის გავრცელებისთანავე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება ადვოკატის მიერ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში მონიტორინგის დეპარტამენტი დაუკავშირდა ადვოკატ კობაიძეს და მიიწვია იგი იმისთვის, რომ თუკი მას გააჩნდა მის მიერ დაწესებულების დირექტორის მისამართით გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე მასალა, მოეწოდებინა ეს ინფორმაცია მონიტორინგის დეპარტამენტისთვის. ადვოკატს შეეთავაზა 25 სექტემბერს 11:00 საათზე გამოცხადებულიყო სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, რაზეც მან განაცხადა უარი მოუცლელობის მიზეზით და ამის სანაცვლოდ შესთავაზა მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელს, რომ 25 სექტემბერს საღამოს საათებში მივიდოდა პენიტენციურ სამსახურში, ხოლო ადგილზე მისვლის ზუსტ დროს შუადღისას დაასახელებდა.
დღეს, 25 სექტემბერს ადვოკატმა კობაიძემ, იმ დროს, როდესაც ვერ მოიცალა მონიტორინგის დეპარტამენტში გამოცხადებისთვის, აქცია გამართა N8 პენიტენციურ დაწესებულებასთან. აღსანიშნავია, რომ ადვოკატის ორგანიზებულ აქციაზე მხოლოდ თავად კობაიძე და კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ამან არ შეუშალა ადვოკატს ხელი, რომ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მისამართით კვლავ გაეკეთებინა ცილისმწამებლური განცხადებები.
25 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, როდესაც მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი კვლავ დაუკავშირდა ადვოკატ კობაიძეს, რათა მისი პენიტენციურ სამსახურში მისვლის დრო დაეზუსტებინა, ადვოკატმა მისვლაზე უარი განაცხადა, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, ვინაიდან თუკი იგი ფლობს რაიმე მტკიცებულებას, როგორც თავად აღწერს, ასეთი საგანგაშო ფაქტის შესახებ, მისი, როგორც უფლებადამცველის ინტერესში უნდა იყოს, რომ ამაზე ჭეშმარიტება დადგინდეს.
ადვოკატთან მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლის ორივე საუბარზე შედგენილია შესაბამისი ოქმები. ეს ოქმებიც და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელთ არსებული სხვა დოკუმენტაციაც გადაეგზავნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სპეციალური პენიტენციური სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაადგენს ჭეშმარიტებას და ამ თემაზე ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ყოველგვარი სპეკულაციები.