არჩილ თალაკვაძე: ჩვენ პირველ რიგში, ვესაუბრებით ჩვენს საზოგადოებას და ნაკლები დრო გვაქვს ოპოზიციასთან კინკლაობისთვის, თუმცა, როგორც ხედავთ, მათ კინკლაობაც ვერ შეძლეს

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ პირველ რიგში, ვესაუბრებით ჩვენს საზოგადოებას და ნაკლები დრო გვაქვს ოპოზიციასთან კინკლაობისთვის, თუმცა, როგორც ხედავთ, მათ კინკლაობაც ვერ შეძლეს

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ როგორ მუშაობს მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო. ასევე, ცხადია კოვიდ პანდემიის მართვის პერიოდში არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პარლამენტის მონაწილეობის გარეშე არ ყოფილა მიღებული,  ზუსტად ვიცით, რა იყო საჭირო, გავაკეთეთ სწრაფი  რეაგირება და მივიღეთ სწორი გადაწყვეტილებები, როგორც კი პანდემია დაიწყო",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც  ინტერპელაციის წესით, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას მოუსმინეს.

არჩილ თალაკვაძემ  მინისტრს პროცედურაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საზიგადოებამ იცის, რა იყო პირველი პასუხი კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისის დაწყებისთანავე.

„ პირველ რიგში ზრუნვა ადამიანების ჯანმრთელობაზე, მის უსაფრთხოებაზე, შემდეგ იყო პირველი ანტიკრიზისული სოციალური დახმარებები, სადაც საზოგადოების ყველა იმ ჯგუფს, შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად დავეხმარეთ, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ სახელმწიფოს დახმარება. რასაკვირველია, პანდემიით გამოწვეული კრიზისი გრძელდება მთელ მსოფლიოში და საქართველოც არ არის გამონაკლისი, ამიტომ, კარგია, რომ დღეს ეკონომიკის მინისტრი მობრძანდა პარლამენტში, რეგლამენტის და კანონის სრული დაცვით და მოგვახსენა იმის შესახებ, თუ რას აკეთებს მთავრობა ეკონომიკის მიმართულებით",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის შემდეგ, მმართველი გუნდისთვის უმნიშნელოვანესი ამოცანა ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაცია და მისი აღდგენააა.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ არაერთი ადამიანი ამ მომენტში პირისპირ რჩება ბევრ სოციალურ პრობლემასთან, არაერთმა დაკარგა სამსახური და შემოსავალი, კარგად გვესმის, რომ ეკონომიკური ფონი მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც უარესდება და კარგად გვესმის, რომ ეს არ იქნება ადვილი ამოცანა, რომ ჩვენ დროულად დავაბრუნოთ ჩვენი ეკონომიკა იმ რელსებზე და განვითარების იმ ტემპებში, როგორიც გვქონდა. მართალია ეს იქნება რთული, მაგრამ შესაძლებელი ამოცანა, ჩვენ ამას შევძლებთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად!

რასაკვირველია, პარლამენტი იქნება განუყოფელი ნაწილი იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების და პროცესის, რასაც ჰქვია პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე, პასუხისმგებლობა კრიზისის მართვაზე, ჩვენ პირველ რიგში, ვესაუბრებით ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს საზოგადოებას და ამ წუთას ნაკლები დრო გვაქვს ოპოზიციასთან კინკლაობისთვის, თუმცა, როგორც ხედავთ, მათ კინკლაობაც ვერ შეძლეს და დარბაზი დატოვეს დროზე ადრე",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​