აქ.ახლა, აღმოაჩინე

აქ.ახლა, აღმოაჩინე "საქართველო - მუზეუმი"

თიბისიმ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, ანიმაციური ვიდეორგოლი - „საქართველო - მუზეუმი" შექმნა.

ანიმაციისთვის სცენარი მწერალმა - აკა მორჩილაძემ დაწერა. პროექტზე სტუდია „ანიმატორმა" იმუშავა, სამხატვრო მიმართულება thecrux.tv-ს ეკუთვნის. სპეციალურად ვიდეორგოლისთვის დაიწერა საუნდტრეკი, რომლის მუსიკა NIMIT_TA-მ, ტექსტი კი ერეკლე დეისაძემ შექმნა. ანიმაციაში ასევე გამოყენებულია Kayakata-ს Sisona Darchia [TBA Rework].

ანიმაციის მიზანი მუზეუმის საცავებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის საზოგადოებაში პოპულარიზაცია და ახალი თაობისთვის მისი თანამედროვე და ინოვაციური გზით გაცნობაა.

„საქართველო - მუზეუმი" მთავარი მოქმედი გმირის - ნიკოს და მასთან ერთად მაყურებლის საქართველოს წარსულში მოგზაურობაა. ანიმაცია სამუზეუმო ექსპონატების დახმარებით გვიამბობს  საიდან დაიწყო და როგორ განვითარდა ჩვენი ერის ისტორია დასაბამიდან დღემდე.

მართალია, ანიმაციის მთავარი გმირი წარმოსახვით მოგზაურობაშია, თუმცა ის ექსპონატები, რომელსაც ის აღმოაჩენს და შემდეგ მათთან ერთად ახალ გზებზე მიდის,  აქ და ახლა, ჩვენთან სულ ახლოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებშია დაცული.

ზეზვა და მზია, მცირე ზოლებიანი ვეშაპის ჩონჩხი, შესაბნევები ცხენის გამოსახულებით, დიადემა და სასაფეთქლეები, არწივის ფიგურა, დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი,  თამარ მეფის სანაწილე გულსაკიდი ჯვარი, თრიალეთის თასი, დავით კაკაბაძის იმერული „პეიზაჟი", ფიროსმანის „გოგონა ბუშტით", საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ასლი და სხვა - ანიმაციაში გამოყენებული ამ არტეფაქტებისა თუ ექსპონატების აღმოჩენა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებშია შესაძლებელი.

„ანიმაცია თავისთავად რაღაც ხალისს გულისხმობს. სისწრაფესაც, მოქნილობასაც. დროც ცოტა აქვს.  ცოტა თამაშსაც უნდა ჰგავდეს. ამიტომ, ვიფიქრე, რომ ამბის სწრაფად და ხალისიანად მოსაყოლად კომპიუტერული თამაში გამოდგებოდა - იპოვი ნივთს და ახალი კარი გაიღება. რაღაცით, ჩვენი ისტორიაც ასეა: ყველა ეპოქას თავისი გასაღები აქვს. საინტერესო საფიქრალი იყო. ჩვენი თავგადასავალი მართლაც დიდია და რამდენიმე წუთში ანიმაციური სისხარტით მისი გადმოცემა თუ გამოვიდა, ხომ კარგი", - მწერალი, აკა მორჩილაძე. 

ანიმაცია - „საქართველო - მუზეუმი" თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის კომპანიისათვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა, კულტურული მემკვიდრეობა და ციფრული ტექნოლოგიები.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისის მიზანია მუზეუმის საცავებში დაცული საგანძური, რომელიც საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ცენტრალური შემადგენელი ნაწილი და წარსულის საუკეთესო მატიანეა, ინოვაციური ინსტრუმენტების დახმარებით ციფრულ ფორმატებში გადაიყვანოს და ახალ თაობას მისთვის გასაგები, სახალისო და ამავდროულად შემეცნებითი ფორმით გააცნოს.

აღმოაჩინე „საქართველო - მუზეუმი" აქ, ახლა - https://www.facebook.com/tbcbank/videos/vb.331543856187/1028342370922136/?type=2&theater