ზაალ ანჯაფარიძე: IRI-ის კვლევებმა ხელისუფლების ოპონენტების ბოლო თვეების წიოკი და სპეკულაციები გააცამტვერა

ზაალ ანჯაფარიძე: IRI-ის კვლევებმა ხელისუფლების ოპონენტების ბოლო თვეების წიოკი და სპეკულაციები გააცამტვერა

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დღეს გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ, ფაქტიურად, გააცამტვერა და საკმაოდ დამაჯერებლად, ხელისუფლების ოპონენტების ბოლო თვეების წიოკი და სპეკულაციები, რომლითაც ისინი ცდილობენ კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების ფონზე, მოსახლეობის დამძიმებულ განწყობებზე ითამაშონ და საპროტესტოდ განაწყონ.“ – ასე აფასებს  IRI-ის კვლევებს პოლიტიკის ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, რომლის თქმითაც, გამოკითხვაში ცალსახად აღნიშნულია მოსახლეობის მიერ,  კორონავირუსთან გამკლავების მთავრობის ღონისძიებების „მდგრადი მხარდაჭერა,“ რაც შთამბეჭდავ - 82%-ში გამოიხატა.

„ის, რომ გამოკითხულთა უმრავლესობას მოსალოდნელი ეკონომიკური პრობლემები აშფოთებთ, სავსებით ბუნებრივი და მოსალოდნელი რეაქციაა და გასაკვირი სწორედ ამ რეაქციის არარსებობა იქნებოდა. ეს მსოფლიოში COVID-19  ფონზე არსებული ტრენდის გამოხატულება და გამოძახილია და საქართველო როგორც მსოფლიო ეკონომიკური პროცესების შემადგენელი ნაწილი ვერ იქნება გამონაკლისი.

მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე თვენახევრით ადრე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ გაზომილმა პარტიების მხარდაჭერის მაჩვენებლებმა დაადასტურეს ბოლო 4 თვის მანძილზე ჩატარებული 7 ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩატარებული გამოკითხვების მიერ გამოვლენილი ტრენდი, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად (36%) ლიდერობს და ორჯერ და მეტად უსწრებს უახლოეს ტრადიციულ მდევარს „ნაციონალურ მოძრაობას“ (15%), რომელიც ამ მაჩვენებლს უკვე წლებია ვერ აუმჯობესებს და რომელმაც ამ ხნის მანძილზე ვერაფერი შესთავაზა საზოგადოებას საკუთარი ყავლგასული ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის გარდა. რაც შეეხება სხვა პარტიებს, მაგალითად ნაციონალებისგან გამოკვირტულ „ევროპულ საქართველოს,“ ან თუნდაც „ლელოს,“ რომელთაც თავიანთი 5%  და 2% შეუსაბამო ამბიციები აქვთ, დიდი ალბათობით, არჩევნებზე იმედგაცრუება ელოდებათ.

სოციოლოგიური გამოკითხვების ბუმი კი, რომელიც ამ არჩევნებს განასხვავებს წინანდელისგან, ალბათ გაგრძელდება და დარჩენილ პერიოდში არაერთს ვიხილავთ.“ - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ისევე როგორც ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის სოციოლოგიური გამოკითხვები, იმ კატეგორიის გამოკითხვებს განეკუთვნება, რომლებზეც ოპოზიცია ვერ ბედავს ტრადიციულ ინსინუაციებს და სპეკულაციებს, რადგანაც არავითარი საფუძველი არ აქვს, ეს ორგანიზაციები დაადანაშაულოს „ქართულ ოცნებასთან“ სიახლოვეში.