ყოფილი პარლამენტარი გია ცუცხვაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩვენი უთვალავი პარტიებიდან ყველამ, მმართველის გარდა, უკვე წარმოგვიდგინა თავისი პროგრამა, რომლითაც აპირებს იბერიის გაბრწყინებას.
რას ვხედავთ ახალს ამ პროგრამებში?
არც არაფერს - მხოლოდ იმას, რაც მრავალგზის მოგვისმენია აქამეც, ადრინდელი საარჩენო კამპანიების დროს: კორუფციისა და ნეპოტიზმის ამოძირკვა, მცირე მთავრობა, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, პენსია-ხელფასების გაასმაგება, მილიონი სამუშაო ადგილი (უკაცრავად, ახლა ყველა 200 ათასზეა შეჯერებული) და ა.შ.
მხოლოდ ღიმილიანი საქართველო, საქმე ლაპარაკის ნაცვლად და კომუნალური გადასახადების შემცირება (გაზი - 10 თეთრი, დენი - 5 თეთრი, წყალი - უფასოდ სტილში) აღარაა აქტუალური.
არადა 5 თვის წინ, კორონა-პანდემიისაგან დაფეთებული, სულ სხვა ხმაზე ჭიკჭიკებდა ყველა, პოლიტიკოსი თუ ექსპერტი. მაშინ მთავარი თემა გახლდათ ჩვენი ეკონომიკის მახინჯი სტრუქტურა, რომელიც განიხილებოდა სიღარიბის მთავარ მიზეზად და ე.წ. „ადგილობრივი წარმოების“ განვითარებაზეც თითქოს შეთანხმდა ყველა.
ახლა ეს ყველაფერი ჩაბარდა პატრონს და ისევ ძველს მიუბრუნდნენ - პრობლემა ის კი არ ყოფილა, რომ უნიფხვოები ვართ და არაფერი გვაბადია, არამედ ის, რომ არ გვყავს წესიერი მთავრობა, რომელიც სამართლიანად და მარჯვედ გაანაწილებდა საერთო სიმდიდრეს, თორემ ეს სიმდიდრე იმდენი გვაქვს, რომ ორი ჩვენდენ მოსახლეობას აცხოვრებდა განცხრომაში, შრომა-გარჯის გარეშე, რასაკვირველია.
მე კი დავცხე ტაში იმ 5 თვის წინ, დედა რა კაია, მგონი ჭკუას მოვეგეთთქო, თუმცა ეჭვიც გამოვთქვი, ეს შიშიანობა რომ გაგვივლის, შეიძლება, ისევ ძველს მივუბრუნდეთთქო. სამწუხაროდ, გამართლდა ის ეჭვი - პანდემია არსად წასულა, მაგრამ იმით გულმოცემულებს, რომ ცივილიზებულმა მსოფლიომ 3,5 მილიარდი გვიწყალობა, შიმშილით გაჟუჟვის შიშმა გაგვიარა, ისევ ძველმა ქარაფშუტობამ გვძლია და მორიგ ჯერზე გავრეკეთ თებზები მღვრიე წყალში.
მეტი არ იქნა ჩემი მტერი, ვინმე პოლიტიკოსმა ან ექსპერტმა გაიხსენოს იმ უახლოეს წარსულში ნათქვამი ან, თუ გაიხსენებს, ოდნავ მაინც შერცხვეს იმისა, რასაც ახლა ლაპარაკობს, მაგრამ მე, ყოველი შემთხვევისათვის, მაინც გამოვფენ განმეორებით ერთ-ერთს ჩემი მაშინდელი მრავალრიცხოვანი პოსტებიდან ამ საკითხებზე - რა იცი, ეშმაკს არ ძინავს და ეგებ ვინმემ მაინც გაიხსენოს, რა გვჭირდება სინამდვილეში.
აგერ, ჩემი 30.03.2020 პოსტიც, რომლითაც პრემიერ-მინისტრის წინა დღის საჯარო გამოსვლას გამოვეხმაურე:
„ჯობს გვიან...
„ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია შექმნას ადგილობრივი წარმოება, რომელიც შეძლებს ჩაანაცვლოს იმპორტი ყველა მიმართულებით, იქნება ეს სასურსათო პროგრამები, თუ ინდუსტრიული წარმოებები, თითოეულ მათგანს მე, პირადად, და მთავრობა დაუდგება გვერდში“ - გ. გახარია.
კარგია ძალიან - გაგვახსენდა ბოლო-ბოლო, რომ ტურისტების გარდა არსებობს ამ ქვეყნის მოსახლეობაც, 4 მილიონამდე ადამიანი, რომლებსაც ისევე ჭირდებათ სასმელ-საჭმელი, ტანსაცმელ-ფეხსაცმელი, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა თუ ქიმია და ათასი სხვა რამ, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს. ანუ გვაქვს ბაზარი, თუნდაც პატარა, რომელიც აქამდე თითქმის მთლიანად იმპორტზე იყო დამოკიდებული, ჩვენ კი ამ ბაზრისათვის პრაქტიკულად არაფერს ვაწარმოებდით და მოსახლეობა, სანახევროდ უმუშევარი, უცხოეთში გვყავდა გადახვეწილი ლუკმა-პურის საშოვრად.
კარგია, რომ, როგორც გვპირდებიან, აწი სახელმწიფოს მიზანი ნებისმიერი საშუალებით ე.წ. „ეკონომიკის ზრდა“ კი აღარ იქნება, ანუ ამ სტატისტიკური მახასიათებლის რამენაირად გაუმჯობესებას გამოდევნება, არამედ მთელი მოსახლეობის რეალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა - პირველ რიგში, მისი მატერიალურ წარმოებაში ჩაბმა, რომ ისევ უცხოეთში აღარ დაგვჭირდეს გადახვეწა ლუკმა-პურის საშოვრად.
კარგია, თუ პრიორიტეტად მართლა იმპორტის ჩანაცვლებას დავისახავთ, ანუ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას და აღარ ვიკუდაბზიკებთ ნებისმიერი გზითა და ნებისიერ ფასად იმის ექსპორტზე, რაც ჩვენთვისვე არ გვყოფნის.
კარგი იქნება, თუ მწირ სახელმწიფო სახსრებს მართლა აღარ დავხარჯავთ სასტუმრო-რესტორნებზე, გოლფის მინდვრებზე, საკონცერტო-საკონფერენციო დარბაზებზე, „ფეშენ“ სავაჭრო თუ ბიზნეს-ცენტრებზე და მსგავს ზიზილ-პიპილოებზე (ამ ფუფუნების უფლება ჯერ-ჯერობით არ გვაქვს), ამას აღარ დავარქმევთ „აწარმოე საქართველოში“, აღარც „ინვესტიციად“ მოვნათლავთ და ამ მწირ სახსრებს იმის წარმოებას მოვახმართ, რაც სასიცოცხლოდ და ისეთი უკეთესი მომავლის მოსაწყობად გვჭირდება, რომელშიც ლუკმა-პურის საშოვრად უცხოეთში გადახვეწა აღარ დაგვჭირდება.
კარგი იქნება, თუ მწირ სახელმწიფო რესურსებს ისე კი აღარ დავაბანდებთ სოფლის მეურნეობაში, როგორც აქამდე - რომ განუხრელად მცირდებოდეს დამუშავებული მიწების ფართობიც, მოსავლიანობაც და პირუტყვის სულადობაც, არამედ პირიქით - რომ დაუმუშავებელი მიწა არ დაგვრჩეს, მოსავლიანობაც გაიზარდოს და პირუტყვიც მოგვიმრავლდეს.
კარგი იქნება, თუ განათლებას რეალურად გადავაწყობთ არა მითიური „შრომის ბაზრის“ თუ სხვა ქიმერების „მოთხოვნილებებზე“, არამედ ჩვენ ელემენტურ,რეალურ საჭიროება-შესაძლებლობებზე და თავს აღარ მოვიტყუებთ გაუთავებელი, ზედაპირული, ვითომ რეფორმებით.
კარგი იქნება, თუ მინისტრებისა და მერების მოადგილეებად, დეპარტამენტებისა და სამსახურების უფროსებად, სსიპ, ა(ა)იპ, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და საწარმოების ხელმძღვანელებად დავნიშნავთ პროფესიონალებს და არა პოლიტიკოსებს, ბიძაშვილ-მამიდაშვილებსა და ნაცნობ-მეგობრებს.
კარგი იქნება, თუ მინისტრებად დავნიშნავთ და მერებად ავირჩევთ ნამდვილ პოლიტიკოსებს ფართე განათლებითა და თვალსაწიერით, წესიერებითა და შრომისმოყვარეობით და არა შემთხვევით ადამიანებს ან, თუნდაც, რომელიმე დარგის პროფესიონალებს, რაც არ უნდა კვალიფიციურები იყვნენ, მით უმეტეს - ბიძაშვილ-მამიდაშვილებსა და ნაცნობ-მეგობრებს.
კარგი იქნება, თუ საბოლოოდ დავანებებთ თავს ფანტასტიკურ იდეებს (მაგალითად, ანაკლიის პორტს), ზღაპრებს (მაგალითად, რომ ჩვენი ჭირნახული, მართალია, ცოტაა და შეუხედავი, მაგრამ სამაგიეროდ - „ეკოლოგიურად სუფთა“ და უგემრიელესია), მითებს (მაგალითად, რომ აქაური მთა-ბარი საუკეთესოა მსოფლიოში და ყველა სულიერი აქ ჩამოსახლებაზე ან ტურისტად ჩამოსვლაზე ოცნებობს) და სხვა სისულელეებს.
კარგი იქნება, თუ აღარ ვეცდებით თავმოწონებას და ერთმანეთის დაბოლებას უცხოური, აზრს მოკლებული, ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებითა და ფრაზებით, ძვირიანი, ჩვენი ყოფისა და შესაძლებლობისათვის სრულიად შეუფერებელი ავტომობილებით, ტელეფონებით, სამკაულებითა და ტანსაცმელ-ფეხსაცმლით, დამაქცევარი, უზარმაზარი, დახუნძლული სუფრებითა და ტაშ-ფანდურით.
კარგი იქნება, თუ ამ ჭკუაზე დავრჩებით და მერე, როცა ეს შავი ჭირი გადაივლის, ისევ ძველს არ მივუბრუნდებით - საამური ცხოვრების მოწყობის მცდელობებს ფლაყვე იდეებით - პორტებით, დერეფნებით, ჰაბებით, საერთაშორისო მნიშვნელობის კურორტებით, ტურისტებით, „მაღალი ტექნოლოგიებით“, საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისებით, რეგიონული საფონდო ბირჟებით, ულტრათანამედროვე სასტუროებითა და კაზინოებით, ახალ-ახალი რეზიდენციების, საკონცერტო დარბაზების, უნივერსიტეტების, ბიზნეს-ცენტრებისა და სხვა სრა-სასახლეების მშენებლობებით.
კარგი იქნება, თუ არ დავივიწყებთ, რაც ახლა დავინახეთ (მერამდენედ) - რომ ვართ ერთი პატარა, რიგითი ღარიბი ქვეყნის შვილები, რომელიც სრულიადაც არაა სამყაროს ჭიპი და, რომ, მიუხედავად მატრაკვეცობა-ამპარტავნობისა, არაფერი გვაბადია, იმდენიც კი, რომ, თუ ვინმემ არ გადმოგვხედა მოწყალე თვალით, შიმშილით არ დავწყდეთ ორიოდ თვეში.
ეჰ, ბევრი რამ იქნება კარგი, თუ მართლა იქნება...“
მაგრამ ამნაირად მოფიქრალი კაცის წინ რომ "ყოფილი პარლამენტარი" არ უნდა ეწეროს, ამაში დარწმუნებული ვარ!.. იმიტომ, რომ უამრავ პარლამენტარს ვხედავ, რომლისთვისაც უფრო უპრიანი იქნებოდა სტატუსი: "ყოფილი დეპუტატი, პარლამენტში სრულიად შემთხვევით მოხვედრილი".
ვატყობ, ახლაც მსგავსი ხალხით ხდება მომავალი პარლამენტის განახლება .