აშშ-ის ელჩის მემკვიდრეობის ფონდი მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოებს 506 000 დოლარით დააფინანსებს.
ტაძარში დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, აშშ-ის ატაშესთან ერთად მივიდა და კონსერვაციისთვის გამოყოფილ დაფინანსებაზე ისაუბრა. თანხა ჯვრის მონასტრის საფასადო ქვების აღდგენასა და გამაგრებას მოხმარდება. ეკლესიის დაცულობის უზრუნველსაყოფად, პროექტი ჩუბინაშვილის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა მოამზადა.
„აშშ საელჩო ამაყობს, რომ დააფინანსებს მონასტრის კონსერვაციისა და გამაგრების სამუშაოებს. დღეს გამოცხადდა გრანტის გადაცემა, რომელიც გამოყო აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა. 20 წლის განმავლობაში საქართველოში დაფინანსდა 20-მდე პროექტი, რომლისთვისაც გამოიყო 2 მილიონამდე დოლარზე მეტი, ხოლო ეს გრანტი, რომელიც მოხმარდება ჯვარს კონსერვაციისა და გამაგრების სამუშაოს არის ნახევარ მილიონზე მეტი. საქართველოში ეკლესიები და ისტორიული ძეგლები თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყნის საზოგადოებას, ისტორიასა და კულტურაში და ჩვენ ძალიან ვამაყობთ და გვიხარია, რომ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ მათ გამაგრებასა და კონსერვაციაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.