გიორგი შაქარაშვილი დაზიანებებს ვერ მიიღებდა სიმაღლიდან ვარდნის ან დაცემის შედეგად, - ამის შესახებ მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაკითხულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა.
,,შეკითხვები ძირითადად დაზიანებების განვითარების შესაძლებლობებს ეხებოდა. ის, რაც გვეწერა ექსპერტიზის დასკვნაში, იმ დაზიანებებს დაცემის შედეგად ვერ მიიღებდა, ისევე როგორც ფერდობზე ჩაგორების მომენტში ან სიმაღლიდან ვარდნის შედეგად. ერთ-ერთი შეკითხვა იყო ის, რომ შეიძლებოდა თუ არა შაქარაშვილს დაზიანებები მიეღო მანქანასთან შეჯახების დროს. მე გავეცი პასუხი, რომ ეს გამორიცხული იყო. პასუხი გამომდინარეობდა სხეულზე არსებული დაზიანებებიდან, რადგან არც ერთი შინაგანი ორგანო დაზიანებული არ ყოფილა. დაზიანებების ხანდაზმულობა არის 10-დან 20 წუთამდე დროის ინტერვალით და ეს დადგენილია კვლევებით“, - განაცხადა გეჯაძემ.
19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.