2020 წლის 15 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ბრალდებულების სასამართლო პროცესზე მიყვანა დაგვიანდა. ტელეკომპანიამ ინფორმაცია ადვოკატ გაიოზ ჩარკვიანზე დაყრდნობით გაავრცელა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით რამდენიმე თანამშრომელი კარანტინშია გადაყვანილი. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე. დღეის მდგომარეობით პენიტენციურ დაწესებულებებში არც პატიმრებში და არც თანამშრომლებში კოვიდ-19-ის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, რომ პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტირებას გადის, რაც სხვა პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად სისტემის კოვიდ ვირუსისგან დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
ამასთან, სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.