„აზიის განვითარების ბანკმა (ADB) არა მარტო მოახდინა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შეფასება და მისი პერსპექტივის პროგნოზირება, არამედ ცალსახად დააფიქსირა სრული მხარდაჭერა პანდემიის დაძლევაში და ინკლუზიური განვითარების გზაზე,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ, რომელმაც აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური ეკონომიკური ანგარიშის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა თავის გვერდზე სოციალურ ქსელში „ფეისბუქი“. ანგარიში შეფასებულია საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და მისი განვითარების პროგნოზები.
იოსებ არჩვაძის თქმით, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა დიდწილად განისაზღვრება მისი უნარით, დაძლიოს ეკონომიკური ვარდნა და უზრუნველყოს განვითარება. ამაში მას სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რეფორმების თანმიმდევრობა და საერთაშორისო მხარდაჭერა შველის.
„სწორ ეკონომიკურ პოლიტიკასა და რეფორმების თანმიმდევრულობაზე მეტყველებენ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების (Fitch, S&P) მიერ საქართველოს მაკროეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის, ხოლო აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ - ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მდგომარეობის პოზიტიურად შეფასება. დასავლეთიდან წამოსულ ამგვარ გზავნილებს აღმოსავლეთიდან აზიის განვითარების ბანკმაც (ADB) "აუბა მხარი" და საკმაოდ ოპტიმისტურად შეაფასა საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივები 2021 წლისთვის. ამ ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 4.5 პროცენტით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ბანკი ზრდას პროგნოზირებს ყველა იმ მიმართულებით, რომლებსაც პანდემიამ საქართველოში ყველაზე საგრძნობი დარტყმა მიაყენა: ტურიზმი, ინვესტიციები, პირადი მოხმარება, ექსპორტი,“ - აღნიშნა იოსებ არჩვაძემ.
ამავე დროს, ექსპერტის შეფასებით, აზიის განვითარების ბანკის დასკვნა იმასაც ნიშნავს, რომ კრიზისის გაგრძელებას საქართველოში ხანგრძლივი პერსპექტივა არ უწერია. „ამას ადასტურებს არა მარტო ქართველი ხალხის სურვილი, ხელისუფლების ძალისხმევა, არამედ ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტის მიუკერძოებელი და ობიექტური დასკვნაც,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.