ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ ოქტომბერი და ნოემბერი უფრო მკაცრი იქნება და ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა გაიზრდება, - ამის შესახებ France-Presse-ი წერს.
კლუგეს თქმით, ვაქცინის შექმნა არ ნიშნავს პანდემიის დასრულებას.
„მთელი ამ დროის განმავლობაში მესმის, რომ ვაქცინა პანდემიას დაასრულებს. რა თქმა უნდა, არა!“ - აცხადებს ჯანმო-ს ევროპის რეგიონალური დირექტორი.
„ჩვენ არც კი ვიცით, დაეხმარება თუ არა ვაქცინა მოსახლეობის ყველა ჯგუფს. არსებობს ნიშნები, რომ ის შეიძლება გამოდგეს ერთ ჯგუფთან სამკურნალოდ და სხვებთან - არა. თუ ჩვენ სხვადასხვა ვაქცინის შეკვეთა მოგვიწევს, ეს ლოჯისტიკური კოშმარი იქნება“ - განაცხადა ჰანს კლუგემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის დასასრული იქნება „ის მომენტი, როდესაც ჩვენ, როგორც საზოგადოებას გვეცოდინება, თუ როგორ ვიცხოვროთ პანდემიასთან ერთად“.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.