ოპოზიცია GORBI-ს კვლევის შედეგებს გამოეხმაურა

ოპოზიცია GORBI-ს კვლევის შედეგებს გამოეხმაურა

ოპოზიციური პარტიები GORBI-ს კვლევის მონაცემებს აფასებენ. „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ მოსახლეობის მთავარი დაკვეთა ცვლილებების სურვილია.

„მთავარი საკითხი, რაც ყველა კვლევაში ჩანს, ეს არის, რომ ხალხს სურს ცვლილებები. 60%-ზე მეტი, თითქმის 70%-მდე თვლის რომ არ მიდის სწორი მიმართულებით ქვეყანა, არ მიდის წინ. ეს არის მთავარი დაკვეთა“, - განაცხადა ბოკერიამ.

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანზორ ბიწაძე კი ფიქრობს, რომ მაშინ, როცა არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი, ამ თემებზე სპეკულირება არ ღირს.

„ქართული ოცნება“ ამ კვლევით იღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას. ეს არის მათი დეკლარირებული სურვილი. ასევე ძალიან ნათლად ჩანს კვლევაში რომელი ორგანიზაციების ხელის შეწყობა და დახმარება უნდა „ქართულ ოცნებას“. ალბათ ამომრჩეველს ბევრი დაკვირვება მოუწევს იმისთვის, რომ არ აღმოჩნდეს, რომ შემოხაზა ერთი პარტია და სინამდვილეში 41 დარჩეს შემოხაზული. დარჩა ძალინ ცოტა დრო და 31 ოქტომბრამდე იმდენად ცოტა დროს არის დარჩენილი, რომ ამაზე სპკულირებას არ ვაპირებ“, - აღნიშნა ანზორ ბიწაძემ.

„გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე შედეგებს არ აპროტესტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი პარტია არჩევნებზე უკეთესი მაჩვენებლის დაფიქსირებას აპირებს.

„უბრალოდ, მაგაზე მეტის აღებას ვაპირებთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

Gorbi-ს კვლევის შედეგების თანახმად, არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 56.3% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.