ამირან გამყრელიძე: საქართველო კვლავ მწვანე ზონაში რჩება

ამირან გამყრელიძე: საქართველო კვლავ მწვანე ზონაში რჩება

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით, საქართველო კვლავ მწვანე ზონაში რჩება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეებში შემთხვევების მატების მიუხედავად ინციდენტობის (ორი კვირის განმავლობაში 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობა) საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, ქვეყანა მაინც მწვანე ზონაში რჩება.

„ინციდენტობის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, ჩვენ დღეს გვაქვს 1,74 ასი ათას მოსახლეზე, ეს ნიშნავს, რომ საქართველო მწვანე ზონაში რჩება, თუმცა ბოლო 4-5 დღის განმავლობაში გვაქვს მატება, ამიტომ ყველამ ერთად უნდა შევაკავოთ ზრდის მაჩვენებელი. ქვეყანაში გაფართოებულია ტესტირების მაჩვენებელი, აგვისტოს საშუალო დღიური მაჩვენებლით გვქონდა 4 665, სექტემბერში – 7 961, მაგრამ 4 სექტებრიდან დღემდე საშუალო მაჩვენებელია 8 259“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საერთაშორისო შედარებითობის მაჩვენებლით, საქართველო ისევ გამოიყურება ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად.

„იმისთვის, რომ ეს მაჩვენებელი შევინარჩუნოთ, ამისთვის აუცილებელია თანამშრომლობა და ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელიც არის დაწესებული“ , – აღნიშნა გამყრელიძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 2392 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 369-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.