დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ამ დროისთვის ყველაზე ცხელ წერტილად აჭარა რჩება.
„მოგეხსენებათ, ყველაზე ცხელ წერტილად რჩება აჭარა, სადაც ინციდენტობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი გვაქვს, 100 000 მოსახლეზე 47.8. აჭარაში 25 ახალი შემთხვევიდან შვიდი არის ხოფის კლასტერი, ორი თანამშრომელი და ხუთი ოჯახის წევრი, ასევე სამი იუსტიციის სახლის შემთხვევა გვაქვს თავისი ოჯახის წევრებით, ერთი სამშობიარო სახლის ექთანი, ერთი გარემოს დაცვის თანამშრომელი, ორი „ორბის“ თანამშრომელი, ერთი სასაზღვრო პოლიციის, ერთი კლინიკა „ბრადერსის“ სანიტარი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, გამყრელიძის ინფორმაციით, ბათუმში ათი შემთხვევის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია.
„სამწუხაროდ, დღეს ათი გვაქვს ბათუმში ჯერჯერობით დაუდგენელი, უცნობი წყარო. გურიის რეგიონში რვა ინფიცირებული გვყავს და ყველა უკავშირდება ბათუმში ქორწილის კლასტერს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.