„რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს ხუთ კილო კარტოფილს სახლში გაატან, თუ იქვე შეუწვავ და მიართმევ? იგივეა", - იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან" საუბრისას „ევროპული საქართველოს" მიერ სენაკში 600 კაციანი სუფრის გაშლას ამომრჩევლების მოსყიდვის კლასიკურ შემთხვევად აფასებს. მისივე თქმით, ამის გამო ცესკო, სავარაუდოდ, ევროპულ საქართველოს დააჯარიმებს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნული ფაქტი ასევე ამომრჩევლის მოსყიდვად შეაფასა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდა, რომ კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირება მოახდინონ.
როგორც მუხაშავრია ამბობს, „ევროპული საქართველოს" მხრიდან საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლისთვის სუფრის გაშლა მოსყიდვაა, რაც, მისივე თქმით, „არაევროპული საქციელია".
„საგადასახადო მიზნებისთვის ასეთი სუფრის გაშლა ითვლება შემოსავლად იმ პირისთვის, ვისთვისაც ეს სუფრა გაშალეს, 600-კაციანი სუფრის გაშლა კი მცირე თანხა არ დაჯდებოდა. სამწუხაროდ, მოსყიდვა არის. ანუ, მეგრელების მოსყიდვა გადაწყვიტეს? ეს ნამეტანი არაევროპული საქციელია ღმერთმანი.
„თან, რაოდენობის გათვალისწინებით, 600-კაციანი სუფრა მცირე თანხა არ დაჯდებოდა. მით უფრო, რომ ეს საარჩევნო კამპანიის პროცესში ხდება. რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანს ხუთ კილო კარტოფილს სახლში გაატან თუ იქვე შეუწვავ და მიართმევ, იგივეა", - განაცხადა მუხაშავრიამ.
მისივე თქმით, ამ შემთხვევას ცენტრალური საარჩევნო კომისია განიხილავს და „ევროპულ საქართველოს", სავარაუდოდ, ჯარიმას დააკისრებენ.
„ამაზე (სანქციებზე) გადაწყვეტილება უკვე ცესკომ უნდა მიიღოს. ვნახოთ ცესკოს რა რეაგირება ექნება. ასეთ შემთხვევებში აჯარიმებენ ხოლმე და როცა ძალიან მძიმე ფაქტებია, მერე უკვე შეიძლება პარტია საარჩევნო კამპანიიდან მოიხსნას კიდეც.
„თუ ცესკომ ეს დარღვევად აღიარა, მაშინ სავარაუდოდ დააჯარიმებს. თუმცა ვნახოთ. ვერ გეტყვით როგორ გასაჩივრდება და გამსაჩივრებელი რას მოითხოვს, ამაზეა დამოკიდებული", - განაცხადა მუხაშავრიამ.