კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამას არ გავაკეთებ

კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამას არ გავაკეთებ

„ბოლო დღეების განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილისგან ძალიან ბევრ სისულელეს ვისმენთ და ეს სიახლე არაა. თუ გადავხედავთ განვლილ წლებს, თუ რა განცხადებებს აკეთებს ეს ადამიანი, კონკრეტული განცხადებაც არ უნდა გაგვიკვირდეს, თუმცა, საქმე ეხება ქვეყანას და ქვეყნის ინტერესებს“ - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ვლადიმერ პუტინის დავალებებს ასრულებს.

„ჩვენს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყოველთვის იცავდა, იცავს და მომავალშიც დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ის, რაც მოხდა 2008 წელს, იყო ძალიან დიდი უბედურება და მაშინდელმა ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ რეალურად აერიდებინა ეს დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის. დავკარგეთ ტერიტორიების დიდი ნაწილი, გვყავს ბევრი გარდაცვლილი ადამიანი, ჩვენი გმირი ჯარისკაცები... შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დავიცავთ. მე ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამას არ გავაკეთებ“ - განაცხადა კახა კალაძემ.

უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა 7 აგვისტოს ჰააგის სასამართლოს შენობასთან განაცხადა: „ჰააგაში ვსწავლობდი, მათ შორის საერთაშორისო სისხლის სამართალს, ჩემი კავშირების გამოყენებით, მათ შორის ძალიან ცნობილი იურისტების საქმეში ჩაბმით, დავიცავთ სიმართლეს და ბოლომდე გავიტანთ. სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ სიმართლის დასადგენად, ვიბრძოლებ საქართველოსთვის, ვიბრძოლებ ჩვენი ღირსების დასაცავად, ვიბრძოლებ რუსეთის დამქაშებისა და საქართველოს მტრების წინააღმდეგ, სიმართლის მტრების წინააღმდეგ“.

მიხეილ სააკეშვილის განცხადებით, აგვისტოს ომისა და რუსული პროპაგანდის შესახებ ჰააგაში სარეკომენდაციო დასკვნა შეიტანა.