ჩვენ საარჩევნო კამპანიას ვაგებთ მხოლოდ მომავალზე. რა თქმა უნდა, მომავლის შენება მშვიდობის გარეშე შეუძლებელია და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახლა აგვისტოს დღეებია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, იმის შესახებ, თუ რატომ უსვამს ხაზს „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას 2008 წლის ომს.
„თუ ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა რაღაც აქცენტები გააკეთა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ისაა თავდაცვის მინისტრი და მისთვის, როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, მშვიდობის განზომილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი კამპანია მთლიანად იქნება აგებული მომავალზე, ახალგაზრდობაზე, დაწყებული საქმეების დასრულებასა და ახალი საქმეების დაწყებაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.