მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 25 ახალი შემთხვევიდან მხოლოდ ერთი პაციენტის ინფიცირების წყაროა დაუდგენელი

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 25 ახალი შემთხვევიდან მხოლოდ ერთი პაციენტის ინფიცირების წყაროა დაუდგენელი

კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 16 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი და ამჟამად 1010 გამოჯანმრთელებული შემთხვევაა ქვეყანაში. ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 261 პაციენტი მკურნალობს.

„25 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი პაციენტი არის გაჩიანიდან, 16 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 1 სამედიცინო პერსონალია, 5 გახლავთ იმპორტირებული, ანუ შემოტანილი შემთხვევა, 1 პაციენტი აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი, ხოლო 1 პაციენტზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების გამოვლენისა და წყაროს დადგენის მიზნით“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1250 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1010-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 068 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ- 242.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.