ალექსანდრე გოგინავა მოსახლეობას კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობის შესახებ ახსენებს. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა COVID-19-ის მეორე ტალღის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დინამიკაში გამოჩნდება.
„აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა. ეს არის პირადი ჰიგიენური ნორმების დაცვა, ფიზიკური დისტანცირება, პირბადის გამოყენება ისეთ ადგილებში, სადაც საჭიროებას წარმოადგენს. რაც შეეხება მეორე ტალღას, რთული სათქმელია როდის იქნება. დიდი ალბათობით ვარაუდობენ, რომ იქნება შემოდგომის მეორე ნახევარში, თუმცა ვნახოთ, დინამიკაში გამოჩნდება თუ როდის დაიწყება მეორე ტალღა და საერთოდ გვექნება თუ არა“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთ-ერთი მათგანი გაჩიანის კლასტერს მიეკუთვნება.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1225 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1000-ს შეადგენს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.