ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან, 2 მედპერსონალია, 1 „გაჩიანის კლასტერია“, 3 დაინფიცირებულთან კონტაქტია, 2 იმპორტირებულია, ერთის წყარო უცნობია

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან, 2 მედპერსონალია, 1 „გაჩიანის კლასტერია“, 3 დაინფიცირებულთან კონტაქტია, 2 იმპორტირებულია, ერთის წყარო უცნობია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, ინფიცირებულთაგან ორი სამედიცინო პერსონალია.

“დღევანდელი ახალი შემთხვევების წყაროები ცნობილია. ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა, დანარჩენი შემთხვევების წყაროები ცნობილია.

დღეს 9 ახალი შემთხვევაა, აქედან ერთი არის „გაჩიანის კლასტერიდან“, სადაც ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს. გუშინ 700-მდე ნიმუში გამოვიკვლიეთ, დღესაც მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები და ამ ეტაპზე ერთი შემთხვევაა დადებითი. 3 შემთხვევა წინა დღეებში დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტს უკავშირდება, 2 არის სამედიცინო პერსონალი და 2 იმპორტირებული შემთხვევა, აქედან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. დარწმუნებული ვარ, დღეს თუ არა, ხვალ გვეცოდინება ინფიცირების წყარო“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1225-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 1000-ს შეადგენს.