მარინა ეზუგბაიას ვარაუდით, კორონავირუსის მე-2 ტალღა გვიან შემოდგომისთვისაა მოსალოდნელი

მარინა ეზუგბაიას ვარაუდით, კორონავირუსის მე-2 ტალღა გვიან შემოდგომისთვისაა მოსალოდნელი

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროის მონაცემებით კლინიკაში 31 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ინფექციის დიაგნოზით, - მათგან არც ერთი არ არის მძიმე პაციენტი. გასული დღე ღამის განმავლობაში კი მათ არც გამოჯანმრთელებულები შემატებიათ და მათთან არც ახალი ინფიცირებული მოუთავსებიათ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ჯერჯერობით პირველი ტალღაც ბოლომდე დამარცხებული არ არის და რთულია პროგნოზის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა იქნება ე.წ მეორე ტალღა. მისი თქმით სავარაუდოდ ეს გვიან შემოდგომასაა მოსალოდნელი.

ეზუგბაიას შეფასებით, აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფიცირებულების რაოდენობამ იკლო, რაც საერთო სურათსაც დაეტყო და ახლა განკურნებულ პაციენტთა რაოდენობა ინფიცირებულების რიცხვს მკვეთრად აჭარბებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1216 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 996-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.