ზურაბ აბაშიძე: საქართველოში ინტერვენციისთვის მოსკოვს პრაქტიკულად საფასური არ გადაუხდია

ზურაბ აბაშიძე: საქართველოში ინტერვენციისთვის მოსკოვს პრაქტიკულად საფასური არ გადაუხდია

საქართველოში ინტერვენციისთვის მოსკოვს პრაქტიკულად საფასური არ გადაუხდია, მის წინააღმდეგ არც რაიმე სანქცია დაწესებულა. ზოგადად, სანქციების საკითხი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ 2012 წლის, ანუ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ მოაგონდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ინტერვიუში საუბრობს.

ზურაბ აბაშიძის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები იმაზე გაცილებით მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე კონფლიქტის დასრულების შემდეგ წარმოგვედგინა.

„რუსეთმა სრული კონტროლი დაამყარა ჩვენი ქვეყნის იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ომამდე ნაწილობრივ ან სრულად აკონტროლებდა საქართველოს ხელისუფლება, კერძოდ, ცხინვალის რეგიონში100-ზე მეტ სოფელზე. „ნაციონალურ მოძრაობას“ დღემდე არ გაუცია პასუხი კითხვაზე, თუ რატომ დავთმეთ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე 2008 წლის აგვისტოში სამხედრო თვალსაზრისით ფრიად გამაგრებული კოდორის ხეობა, ისევე, როგორც იქ განლაგებული დიდძალი ძვირადღირებული სამხედრო ტექნიკა ან რატომ დაერქვა ამ ხეობას 2006 წელს ზემო აფხაზეთი?

2008 წლიდან საქართველოში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, კვლავ განთავსდა რუსეთის სამხედრო ბაზები, რომელთა გაყვანა 1990-იანი წლების ბოლოდან დიდი ძალისხმევის შედეგად მოხდა. ამან კარდინალურად შეცვალა ქვეყნის უსაფრთხოების გარემო, რასაც ყოველდღიურად ვაწყდებით. სწორედ რუსეთის სამხედრო ბაზები იქცა ოკუპაციის მთავარ ღერძად“, - განცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, ომის შედეგების „ინვენტარიზაციისას“ აღმოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ 2004-2008 წლებში რუსულ კომპანიებზე გაასხვისა საქართველოს ენერგოსექტორის მრავალი სტრატეგიული ობიექტი, მათ შორის 15 დიდი ელექტროსადგური. რუსულმა კომპანიებმა შეიძინეს რიგი სხვა მნიშვნელოვანი აქტივებიც, მათ შორის ნავთობისა და გაზის მრეწველობის, მინერალური რესურსების, სამრეწველო და სამედიცინო სექტორებში. შედეგად, „ნაციონალური მოძრაობის“ ძალისხმევით ქვეყნის ეკონომიკის დიდი ნაწილი რუსეთის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა.

„ყოველი წლის ბოლოს „ნაცმოძრაობა“ აწყობს პერფორმანსებს მაგისტრალური გაზსადენში რუსული გაზის სატრანზიტო ფასთან დაკავშირებით და ადანაშაულებს ხელისუფლებას უპრინციპობაში. არადა, კარგად გვახსოვს, რომ მაგისტრალური გაზსადენის რუსეთისთვის საერთოდ მიყიდვა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, ამერიკელ მეგობრებს რომ არ შეეჩერებინათ ეს ანტისახელმწიფოებრივი ოპერაცია. რატომ და რისთვის გაკეთდა ყველაფერი ეს? ვის მიზნებს ემსახურებოდა? პასუხები ამ კითხვებზე დღემდე არ მოგვისმენია“, - დასძინა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

მისივე თქმით, ომის შემდეგ საერთაშორისო დონეზე მიღებულ დოკუმენტებში ქვეყნისათვის დამაზიანებელი შეფასებებიც გაკეთდა.

„ზოგ შემთხვევაში საქართველოს წარმომადგენელთა უუნარობის გამო. დასავლეთის ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ევროკავშირი და ნატო, უკვე 2008 წლის ბოლოსათვის დაუბრუნდნენ რუსეთთან ურთიერთობის ჩვეულ რეჟიმს“, - განაცხადა აბაშიძემ.

amo ჩაუფუჩუნე ზუგდიდში უგულავას და ფოთში ბოკერიას მარჯვენა ყურში
3 წლის უკან