გიორგი ვოლსკი: ადამიანის მტერი უნდა იყო, რომ მთავრობას მიუთითო, თითქოს ეს დახმარებები მოსყიდვაა

გიორგი ვოლსკი: ადამიანის მტერი უნდა იყო, რომ მთავრობას მიუთითო, თითქოს ეს დახმარებები მოსყიდვაა

ძალიან რთული პერიოდია საქართველოში, მთელ მსოფლიოში. არის ეკონომიკის ვარდნა. 17%-მდე იყო ეკონომიკის ვარდნა აპრილსა და მაისში. ახლა ნაკლებია, მაგრამ ეკონომიკა ძალიან რთულ ვითარებაშია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა ოპონენტების კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ სოციალური დახმარებების ახალი პაკეტი მოსახლეობის წინასაარჩევნო მოსყიდვაა და მას უსაფუძვლო უწოდა.

„საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომ არსებული სოციალური პროგრამები გაგრძელდეს და კიდევ დაემატოს თუნდაც ანაზღაურება, შევსება ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადის იმ ხალხისთვის, ვინც არ და ვერ ხარჯავს მეტს და სოციალურად შეჭირვებულია. ასევე ბავშვებისთვის, ყველას შეუძლია მიმართოს. მე არ ვურჩევდი იმ ადამიანებს, ვინც ასე თუ ისე ფინანსურად მძლავრად არიან ეს მიმართვები გააკეთონ. ბავშვებს სექტემბრისთვის დახმარება სჭირდებათ, არამარტო ბავშვებს, სტუდენტებს. არის კიდევ დახმარების მთელი რიგი მიმართულებები, რაც ვერანაირად ვერ ჩაითვლება მოსყიდვად. მე ვფიქრობ, მტერი უნდა იყო ადამიანის, ხელისუფლებას მიუთითო, რომ ეს მოსყიდვას წარმოადგენს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.