გია ცუცხვაშვილი: ბეირუთი და განმარტებითი ლექსიკონი

გია ცუცხვაშვილი: ბეირუთი და განმარტებითი ლექსიკონი

ფეისბუქ-მომხმარებელი გია ცუცხვაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ბოლო ნახევარ საათში უამრავი სისულელე წავიკითხე ინტერნეტში და მოვისმინე ტელევიზორში ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ყველაფერი ქართულ ენაზე.

ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ არც დიდრო ვარ და არც იაკობ გოგებაშვილი, გადავწყვიტე მოკრძალებული წვლილი შევიტანო განმანათლებლობაში და ვაქვეყნებ მცირე განმარტებით ლექსიკონს იმ იმედით, რომ სანამ ვნებათა ღელვა ამ აფეთქებასთან დაკავშირებით მიწყნარდება, ცოტათი მაინც ნაკლებ სისულელეს მოვისმენთ და წავიკითხავთ მშობლიურ სოციალურ ქსელებსა და ტელევიზიებში.

- ამონიუმის გვარჯილა, იგივე ამონიუმის ნიტრატი.

მინერალური სასუქია, ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში „აზოტის“ სახელით ცნობილი. ზოგადად ფეთქებადსაშიში ნივთიერებაა, თუმცა ამ მიზნით არავინ აწარმოებს. სასუქის ფეთქებასაშიშროების შესამცირებლად უმატებენ რკინის სულფატს, მაგრამ, თუ ცეცხლს შევუნთებთ, ავტოგენით ან „სვარკით“ მივადგებით, ეს ვეღარ უშველის და მაინც აფეთქდება.

- ბეირუთი.

ქალაქია ახლო აღმოსავლეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ბეირუთი არის ლიბანის დედაქალაქი და არა - ალბანეთის.

- მოზამბიკა.

არ ვიცი, რა არის ან ვინ არის. არსებობს ჟღერადობით მისი მსგავსი სიტყვა - „მოზამბიკი“. ეს უკანასკნელი გახლავთ სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში.

- რუსთავი.

ქალაქია აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის მახლობლად. რუსთავში არის ქიმიური კომბინატი, რომელიც აწარმოებს ამონიუმის გვარჯილას, თანაც არა ხშირად, არამედ მუდმივად - ამონიუმის გვარჯილა მისი ძირითადი პროდუქციაა.

- ბათუმი.

ქალაქია დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის პირას. აქვს საზღვაო პორტი.

- ამონიუმის გვარჯილის საწყობი ბათუმის პორტში.

არ ვიცი, არსებობს თუ არა ასეთი. ერთი ფეისბუქ-მომხმარებელი ირწმუნება, რომ მიუხედავად ხალხის წინააღმდეგობისა, ამასწინათ მაინც აშენებულა.

- ამონიუმის გვარჯილის ტრანსპორტირება.

ამონიუმის გვარჯილა რუსთავიდან ბათუმამდე (შეიძლება ფოთამდეც) გადააქვთ რკინიგზით. რამდენადაც ვიცი, რუსთავის კომბინატი ამ სასუქს აფასოებს ტომრებში. ასე დაფასოებული რკინიგზას პორტამდე გადააქვს კონტეინერებით. პორტიდან იგივე კონტეინერები მიაქვს გემს ლიბანში იქნება, ალბანეთში თუ მოზამბიკაში. შესაძლებელია, რუსთავიდან პორტამდე და იქიდან გემით გადაქონდეთ ნაყარი ტვირთის სახითაც. ამ შემთხვევაში ნამდვილად უნდა არსებობდეს შესაბამისი ტერმინალი ბათუმში, ფოთში ან ორივეგან. თუმცა მე ამის შესახებ არაფერი მსმენია.

- კარბამიდის ტერმინალი ბათუმის პორტში.

საპორტო ტერმინალი, ზოგადად, კონკრეტული სახეობის ტვირთის გადმოსატვირთ-დასატვირთ-შესანახი ნაგებობების კომპლექსია შესაბამისი მექანიზაციით. ბათუმის პორტში შენდებოდა კარბამიდის ტერმინალი, რასაც მედგარ წინააღმდეგობას უწევდა ადგილობრივი მოსახლეობა. რამოდენიმე თვის წინ ბათუმის სასამართლომ შეაჩერა მისი მშენებლობა. შემდეგი ბედ-იღბლის შესახებ ვერაფერს მოგახსენებთ - შეიძლება აშენდა კიდეც. არაა გამორიცხული, ზემოთ აღნიშნულ ფეისბუქ-ამხანაგს სწორედ ეს ტერმინალი ერეოდეს ასევე ზემოთ ხსენებულ ამონიუმის გვარჯილის საწყობში.

- კარბამიდი, იგივე შარდოვანა.

ესეც აზოტოვანი სასუქია, ოღონდ ორგანული. რუსთავში არ იწარმოება, არც სადმე სხვაგან საქართველოში. ჩემ ახლაგაზრდობაში ერთი იაპონური კომპანია ცდილობდა მისი წარმოების დანერგვას რუსთავის ქიმიურ კომბინატში, რაც ფრიად ხელსაყრელი იქნებოდა მთელი ქვეყნისათვის. თუმცა მაშინდელი გაქსუებული მთავრობის მეცადინეობით პროექტმა წარმატებით შესვა ჩაილურის წყალი. კარბამიდი არაა ფეთქეგადსაშიში. არც შხამია, რის დასმტკიცებლადაც, ცოტა ხნის წინ, თუ გახსოვთ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თუ ბათუმის საკრებულოს ერთ-ერთმა დეპუტატმა ღია ეთერში შეჭამა კიდეც ერთი პეშვი. რამდენადაც ვიცი, ის კაცი ცოცხალია (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს!) და არც ჯანმრთელობას უჩივის. კარბამიდი, რომელიც ბათუმის პორტის ტერმინალში უნდა ჩამოტვირთონ-შეინახონ-დატვირთონ, მატარებლით უნდა ჩამოიტანონ თუ ჩამოაქვთ შუა აზიიდან.

მოკლე განმარტებითი ლექსიკონი ბეირუთის გუშინდელ აფეთქებასთან დაკავშირებით სულ ეს გახლავთ. მაგრამ ამის წერაში ერთ-ერთი სახელგანთქმული ტელეარხის არანაკლებ სახელგანთქმული მფლობელ-წამყვანის ხმა ჩამესმა - ბომბზე ვზივართ ხალხო და დროა, რადიკალურ ზომებს მივმართოთ თავის გადასარჩენადო. მგონია, საზოგადოებაც შეუერთდება მის ამ დროულ მოწოდებას, ამაღამვე თუ არა, ხვალ დილით მაინც.

რაკი ასეა, მეც, როგორც ყოველგვარი რადიკალიზმის მიმდევარ-მოყვარულს, მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ამ საქმეში და წარმოგიდგენთ შესაბამის რჩევა-რეკომენდაციებს.

პირველ რიგში, უნდა დავანგრიოთ რუსთავის ქიმიური კომბინატი. იქ ხომ ნამდვილად იქნება ავადსახენებელი გვარჯილის საწყობი? ხოდა რომ აფეთქდეს? ამას გარდა, შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ამონიუმის გვარჯილის გარდა იქ უამრავ სხვა საშიშ რამესაც აკეთებენ - მაგალითად, თხევად ჟანგბადს (აფეთქება იმან იცის, თუ იცის), აზოტმჟავას და, თქვენ წარმოიდგინეთ, თვით ნატრიუმის ციანიდსაც კი! მოკლედ, ყოვლად მავნე წარმოებაა და სასწრაფოდ უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა!

ამის შემდეგ უნდა დავანგრიოთ ყოველგვარი საწყობ-ტერმინალები ჩვენ პორტებში. რატომ? იმიტომ, რომ რუსთავიდან კი იქნება საფრთხე ნეიტრალიზებული, მაგრამ რა გარანტია გვაქვს, რომ გვარჯილას ახლა ბეირუთიდან აქეთ არ ჩამოიტანს ვინმე ან სხვა რამედ არ შემოგვაპარებენ იმ გვარჯილას?

უნდა ავკრძალოთ ტვირთზიდვა ჩვენი რკინიგზით (ან საერთოდ ავყაროთ რკინიგზა). მართალია, აღარც რუსთავიდან იქნება საშიშროება და აღარც პორტებიდან, მაგრამ მეზობელი სახელმწიფოებიდან რომ გადმოიტანოს ვინმემ და მერე რკინგზით ზიდოს? ან პირდაპირ რკინიგზით რომ ატარონ აზერბაიჯანიდან თურქეთში ახალქალაქის გავლით?

უნდა ავკრძალოთ ტვირთზიდვა ავტოტრანსპორტითაც (ან საავტომობილო გზებიც ავყაროთ). რატომ, ალბათ უკვე თქვენ თვითონაც ხვდებით და ზედმეტი განმარტებებით თავს აღარ შეგაწყენთ.

რჩება ერთი პრობლემა - საჰაერო ტრანსპორტი, თუმცა პანდემიის პირობებში ეს საკითხი არაა აქტუალური.

ჩემი აზრით, თუ ამ გეგმით ვიმოქმედებთ, მისი აღსრულებით მშვიდად ძილის შანსს შევიძენთ, ყოველ შემთხვევაში, პანდემიის დასრულებამდე მაინც.

ამით დავასრულებ და მოუთმენლად ველი თქვენ გამოხმაურებებს - მე ხომ არც ყოვლისმცოდნე ვარ და, მით უმეტეს, არც ყოვლისშემძლე. ერთობლივად, შეიძლება, ბევრად უკეთესი მოვიფიქროთ რამე.

amo აგაშენა ღმერთმა, მაგარია. რახანია სიცილისგან ცრემლი აღარ მდენია. ბრავო
3 წლის უკან
არაგველი641 მაგარია
3 წლის უკან
არაგველი641 მაგარია
3 წლის უკან