გოგი თოფაძის შვილიშვილის ლევან თოფაძის და მისი მეგობრის დაჭრის ფაქტზე, პოლიციამ ზურაბ ჟვანიას ვაჟი, ბუსა ჟვანია დააკავა.
`პრაიმტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში, გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ ბუსა ჟვანია მის შვილიშვილს თავს საკუთარ სახლში დაესხა და ოთხი ჭრილობა მიაყენა.
მისივე განცხადებით, დაპირისპირება ქალის გამო დაიწყო, რომელიც თოფაძის სახლში ერთ-ერთ მეგობარს ახლდა და ჟვანიას სანახავად არ გამოვიდა.
ლევან თოფაძეს ხეჩინაშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთ-ერთი ჭრილობა მას ფილტვში აქვს მიყენებული.
“პრაიმტაიმი” შეეცადა ბუსა ჟვანიას დედასთან ნინო ჟვანიასთან და მშობლების ახლობლებთან დაკავშირებას, თუმცა ყველა მათგანს ტელეფონი გამორთული აქვს.
ბუსა ჟვანიას სახელი წლების წინ, კიდევ ერთ სკანდალს უკავშირდებოდა, გავრცელებული ინფორმაციით, მან ერთ-ერთ სასტუმროში პოლიტიკოსი გია ბარამიძე სცემა.
შემთხვევა 2015 წელს ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა, სადაც ისინი შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, თავდაპირველად ბარამიძე გამოლაპარაკებია ბიჭს, უთქვამს, რომ მამამისისთვის არასოდეს უღალატია.
რაზეც ჟვანია გაღიზიანდა, თქვენ მამა მომიკალითო და ბარამიძეს ფიზიკურად გასწორებია. ბარამიძე გავრცელებულ ინფორმაციას სოციალური ქსელით გამოეხმაურა და ბუსასთან ფიზიკური დაპირისპირება უარყო. “ზურას ოჯახის წევრებთან დაპირისპირება არასდროს მქონია და არც მექნება“ – აცხადებდა ბარამიძე.