დებმა მძინარე მამა მოკლეს - მოსკოვში ხაჩატურიანების საქმეზე ხმაურიანი სასამართლო პროცესი დაიწყო

დებმა მძინარე მამა მოკლეს - მოსკოვში ხაჩატურიანების საქმეზე ხმაურიანი სასამართლო პროცესი დაიწყო

მიხეილ ხაჩატურიანის ცხედარი მოსკოვში, საკუთარ სახლში 2018 წლის ივლისში იპოვეს - მას კისრისა და მკერდის არეში უამრავი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

როგორც CNN წერს, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ის სახლში ფსიქიატრიული კლინიკიდან დაბრუნდა და ოთახებში არეულობის გამო სასტიკად სცემა სამ შვილს - გოგონების ადვოკატების ინფორმაციით, მათ სახეში წიწაკის სპრეი შეასხა. უფროსმა გოგონამ კრისტინამ, რომელსაც ასთმა აქვს, გონება დაკარგა.

ეს ის ღამე იყო, როდესაც დებმა ხაჩატურიანებმა - 19 წლის კრისტინამ, 18 წლის ანგელინამ და 17 წლის მარიამ გადაწყვიტეს, მამა მოეკლათ. ისინი მძინარე მიხეილ ხაჩატურიანს ჩაქუჩით და დანით დაესხნენ თავს. მოგვიანებით მათ პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

მკვლელობიდან მეორე დღეს სამივე მათგანი დააპატიმრეს - გოგონებმა დანაშაული აღიარეს და განაცხადეს, რომ წლების განმავლობაში მამა მათზე სექსუალურად, ფიზიკურად და ემოციურად ძალადობდა.

გასულ ზაფხულს გოგონებს წინასწარ განზრახ მკვლელობის ბრალდება წარუდგინეს, რამაც რუსეთში, ოჯახური ძალადობის მოწინააღმდეგე აქტივისტებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

მრავალხნიანი საგამოძიებო პროცესის და წინასასამართლოს სხდომების შემდეგ, გუშინ მოსკოვში გოგონების სასამართლო პროცესი დაიწყო. კრისტინა და ანგელინა სასამართლოს წინაშე ერთად წარდგებიან, მარია კი, რომელიც მკვლელობის დროს არასრულწლოვანი იყო, ადვოკატის, ალექსეი ლიპსტერის თქმით, ცალკე გასამართლდება.

ლიპსტერმა "ფეისბუქზე" გაავრცელა მიმოწერა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ ხაჩატურიანი გოგონებს მოკვლით ემუქრებოდა, მათზე და გოგონების დედაზე სექსუალურად ძალადობდა.

"მოგკლავთ! მეძავები ხართ და დაიხოცებით, როგორც მეძავები," - წერდა ხაჩატურიანი ერთ-ერთ მესიჯში 2018 წლის აპრილში, ის გოგონებს ერთ-ერთ მეგობარ ბიჭთან სექსუალურ კავშირშია დანაშაულებდა.

გასაჯაროებული დაკითხვის ოქმებიდან, ასევე, ირკვევა, რომ მკვლელობამდე 4 წლის განმავლობაში ოჯახში ხშირად ჰქონდა ადგილი ფსიქოლოგიურ, სექსუალურ და ფიზიკურ ზეწოლას.

"ვფიქრობთ, რომ მათ არჩევანი არ ჰქონდათ. გოგონები მამამ სასოწარკვეთამდე მიიყვანა, მათი ცხოვრება ჯოჯოხეთს ჰგავდა. მათი შედარება არ შეიძლება ჯანმრთელ, მშვიდ ადამიანებთან, გოგონებს განუვითარდათ სერიოზული მენტალური დაავადებები," - განაცხადა ერთ-ერთი გოგონას ადვოკატმა ალექსეი პარშინმა.

გასული ზაფხულის შემდეგ გოგონების მხარდასაჭერად აქტივისტებმა არაერთი დემონსტრაცია გამართეს, ისინი სამართალდამცველებს მოუწოდებდნენ, შემთხვევა თავდაცვად გადაკვალიფიცირებულიყო.

რამდენიმე დღის წინ დების წინააღმდეგ განცხადებები გოგონების ნათესავებმა გააკეთეს. მოკლულის დამ, ნაირა ხაჩატურიანმა განაცხადა, რომ გოგონებმა მამის მოკვლა გადაწყვიტეს, რადგან მათ ისრაელში სურდათ საცხოვრებლად გამგზავრება.

"ფიქრობდნენ, რომ მამის თავიდან მოშორების შემდეგ ისე იცხოვრებდნენ, როგორც მათ სურდათ. მამის საკუთარი ცხოვრებიდან წაშლა მოისურვეს," - განაცხადა ნაირა ხაჩატურიანმა.

მიხაილ ხაჩატურიანის ძმის შვილმა, არსენმა კი აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობას ადგილი არ ჰქონია და გოგონებმა მისი მოკვლა დიდი ხნით ადრე გადაწყვიტეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კრისტინას, ანგელინას და მარიას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.