ჩემი პროგნოზებით მომავალი წლის ზაფხულისთვის მოგვეშვება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ განაცხადა. პაატა იმნაძის ვარაუდით, ზამთარში კორონავირუსი კვლავ გაძლიერდება, ამიტომ სპეციალისტების რეკომენდაციების შესრულებას დიდი მნიშვნელობა ექნება.
„სამწუხაროდ, ზამთარში კორონა, ალბათ, მძლავრად იქნება. მთავარია ძალიან ბევრი ადამიანი ერთად არ გახდეს ავად და მაქსიმალურად დავიცვათ თავი. ელემენტარული რაღაცები დავიცვათ, რომ ეს ზაფხული კარგა გავიაროთ - ნიღაბი, დისტანცია. მორჩა. კორონა იქნება, მაგრამ ძალიან არ შეგვაწუხებს“, - განაცხადა იმნაძემ.
საქართველოში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 171 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 947-ს შეადგენს. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია - 17, კარანტინის რეჟიმშია - 6588, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 323 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.