„ლიტჰაიკერი“-2020

„ლიტჰაიკერი“-2020

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „ლიტჰაიკერის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა, პროექტის წლევანდელი პარტნიორი ორგანიზაციის სულაკაურის გამომცემლობის“ წარმომადგენელმა ----- სულაკაურმა გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

„ძალიან საინტერესო ლიტერატურული კონკურსი დასრულდა, რომელშიც თსუ-ს გარდა ქუთაისის, თელავის, სამცხე-ჯავახეთის, გორის, ბათუმის უნივერსიტეტების სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. ვფიქრობ, საინტერესო დავალება ჰქონდათ სტუდენტებს: უნდა წაეკითხათ წიგნები და შემდეგ ტესტები უნდა ეკეთებინათ. გამარჯვებულებს ვულოცავ, თუმცა, ვთვლი, რომ პროექტის ყველა მონაწილე გამარჯვებულია. სტუდენტური კონკურსებით ბევრი საინტერესო სახე აღმოგვიჩენია და დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც ასე იქნება,“-აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

კონკურსის გამარჯვებულმა, თსუ სტუდენტმა იაკობ მახარაძემ, რომელმაც „სულაკაურის გამომცემლობისგან“ საჩუქრად მიიღო ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით და 500-ლარიანი ვაუჩერი, თსუ-სგან კი -  უნივერსიტეტის გამომცემლობაში დაბეჭდილი წიგნი და საიმიჯო ატრიბუტიკა, კონკურსისადმი საკუთარი ემოცია გამოხატა. „ვურჩევ ყველა სტუდენტს, განსაკუთრებით მათ ვისაც ლიტერატურა უყვარს, მიიღონ მონაწილეობა მსგავს კონკურსებში. თვითონ პროცესი ძალიან საინტერესოა, ასევე დიდ ცოდნასაც შეიძენთ. ლიტჰაიკერი კი გამორჩეულია იმით, რომ წიგნის კითხვის პროცესში არაფერს კარგავთ. დასასრულს 10 საუკეთესო და ახალი წიგნი დაგრჩებათ და საინტერესო თავგადასავლები, რომლებიც თქვენს ცხოვრებას გაამრავალფეროვნებს,“- ასეთი რჩევა მისცა კონკურსის გამარჯვებულმა სტუდენტებს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ამ პროექტით წიგნისმოყვარულ სტუდენტებს ლიტერატურულ სამყაროში მოგზაურობის კიდევ ერთი შესაძლებლობა მისცა. მისი მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება.

წელს პირველად პროექტში 5 რეგიონული უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები ჩაერთვნენ.  კონკურსანტებმა პროექტისთვის შერჩეული 10 წიგნი (დაგლას ადამსის "ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში"; ბექა ადამაშვილის "ამ რომანში ყველა კვდება";  არჩილ ქიქოძის "სამხრეთული სპილო";   ნილ გეიმანის "ოკეანე ქუჩის ბოლოს"; ოლდოს ჰაქსლის "კუნძული;" აკა მორჩილაძის "ობოლე"; ანა კორძაია-სამადაშვილის "ზინკა ადამიანი"; აიზეკ აზიმოვის "დასაბამი";  სარა პენიპეკერის "პაქსი"; ჰალდორ ლაქსნესის "თევზის კონცერტი") წაიკითხეს და კონკურსისთვის მომზადებული ტესტები დაწერეს. მეორე ადგილზე გასულმა ლევან ღავთაძემ 300-ლარიანი ვაუჩერი, ხოლო მესამეადგილოსანმა ნინო სარიშვილმა 150-ლარიანი ვაუჩერი მიიღეს. ასევე, დასაჩუქრდნენ თითოეული ტურის გამარჯვებულებიც, რომელთაც თსუ-მ და „სულაკაურის გამომცემლობამ“ საჩუქრად წიგნები გადასცეს.  

„მსგავსი სახის პროექტებში „სულაკაურის გამომცემლობა“ ხშირად ერთვება. მადლობა თსუ-ს ამ შემოთავაზებისთვის. ძალიან საინტერესო პროექტია. ვიმედოვნებ, მონაწილეებსაც მოეწონათ. კონკურსისთვის მრავალფეროვანი წიგნები შევარჩიეთ.  ვულოცავ გამარჯვებულებს და პროექტის ყველა მონაწილეს,“- განაცხადა გამომცემლობის მარკეტინგის მენეჯერმა ანა სულაკაურმა.

„ლიტჰაიკერი“ თსუ სტუდენტური პროექტია, რომელიც უკვე მეხუთედ ჩატარდა. 2014 წლიდან პროექტის პარტნიორი გამომცემლობა „პალიტრა L“ იყო, ხოლო 2016 წლიდან - გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“.

პროექტის წლევანდელმა პარტნიორმა „სულაკაურის გამომცემლობამ“ კონკურსის მონაწილეებს წიგნების შეძენისას სპეციალური ფასდაკლების აქცია შესთავაზა.