გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, გამოკითხვები და სხვა საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს. მისი თქმით, დაცვის მხარე აპირებს, რომ ამ საქმეზე კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატაროს.
„დაცვის მხარე აპირებს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან და ჩემს კოლეგებთან ერთად წავიდეთ მცხეთაში და ჩავატაროთ საგამოძიებო ექსპერიმენტი. ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ საგამოძიებო უწყებას მოთხოვნით, გადამოწმდეს ბატონ გაგნიძის ჩვენება და მოგვეცეს თანხმობა, რის საფუძველზეც ბატონ გაგნიძეს გამოვიყვანთ შესაძლო დანაშაულის ადგილზე და იქ შემოწმდეს მისი ჩვენების სისწორე", - განუცხადა ჟურნალისტებს ალექსანდრე კობაიძემ.
მისივე ინფორმაციით, ამას ბრალდების მხარე არ აკეთებს, ამიტომ დაცვის მხარემ თავად აიღო ინიციატივა, რომ ეს საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატაროს.
10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.
28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.