გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ექსპერტიზა დასრულდა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ექსპერტიზა დასრულდა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს ექსპერტიზა გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში დასრულდა. ბრალდებულის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ სხეულზე მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა. საგამოძიებო მოქმედებების დროს სამართალდამცველებმა დღეს არასრულწლოვანს ფიზიკური დაპირისპირების შესახებაც ჰკითხეს, რაზეც დაკავებული აცხადებს, რომ ძალადობის არც ერთ ეპიზოდში არ მონაწილეობდა.

ზ.ხ-ს ადვოკატი, გიორგი გელხაური იმედს გამოთქვამს, რომ ეს კიდევ ერთი საბაბი იქნება იმისა, რომ ჯგუფური ძალადობის მუხლი მისი დაცვის ქვეშ მყოფს მოეხსნას, რაც შეეხება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ნაწილს, გელხაურის ცნობით, ჯერჯერობით ზ.ხ არავის ამოუცნია.

შეგახსენებთ, რომ ზ.ხ-ს ექსპერტიზას უწყების წარმომადგენლებთან ერთად უფლებადამცველიც ესწრებოდა. ექსპერტიზას უნდა დაედგინა, მიიღო თუ არა 19 ივნისის ღამეს ზ.ხ-მ სხეულის რაიმე სახის დაზიანება.

არასრულწლოვანს გამოძიება ჯგუფურ ძალადობას, მის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ზ.ხ. ავტომაგისტრალის ეპიზოდში ფიგურირებს და ის ავტომობილ „ტოიოტა ქემრიში“ იჯდა.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.