გიორგი გახარია: მთავრობის პრიორიტეტია ბიზნესზე კრიზისის ზემოქმედების მინიმიზაცია და კრიზისის პირობებშიც, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა

გიორგი გახარია: მთავრობის პრიორიტეტია ბიზნესზე კრიზისის ზემოქმედების მინიმიზაცია და კრიზისის პირობებშიც, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა

დღეს, მთავრობის უპირველესი პრიორიტეტია ეკონომიკაზე, ბიზნესზე კრიზისის ზემოქმედების მინიმიზაცია და რაც მთავარია, კრიზისის პირობებშიც, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რუსთავში, „ქართლი ტექსტილის“ ქარხნის მშენებლობის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

„ეს არის, რასაც ჩვენ თავიდან ვამბობდით, რომ გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა. ამ საწარმოში შეკერილ ნაწარმს, გამოიყენებენ და ისარგებლებენ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებები და სპორტსმენები. ეს არის ის, როდესაც ჩვენ, ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ, როდესაც აწერია ნაწარმს, პროდუქტს, რომ ნაწარმოებია საქართველოში. გავუფრთხილდეთ ბიზნესს, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და რა თქმა უნდა, გავაძლიეროთ ადგილობრივი წარმოება. გილოცავთ და ვულოცავ რუსთაველებს ამ დიდ მიღწევას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

„მე ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენი ვიყავი, როდესაც „აჭარა ტექსტილი“ იწყებდა მუშაობას და ეს თანამშრომლობა იყო ძალიან დინამიური. ეს იყო საწარმო, ჯერ აჭარაში, შემდგომ იყო ფოთში, მათ შორის ქობულეთში და ეს არის მე-4 საწარმო დღეს, აქ, რომელიც ფაქტობრივად, ქართული მსუბუქი მრეწველობის ავანგარდია. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, ასე დარგობრივად, სექტორულად უნდა მივყვეთ. ეს არის საწარმო, რომელიც ამზადებს, კერავს საექსპორტო პროდუქციას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

რუსთავის საწარმო - „ქართლი ტექსტილი“ სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად 4 თვეში სრული დატვირთვის ამუშავდება და საქართველოს 3 000 მოქალაქეს დაასაქმებს. ტერიტორია, სადაც საწარმო იფუნქციონირებს, კომპანიას სახელმწიფომ გადასცა. „ქართლი ტექსტილი“ მთლიანი ინვესტიციის, 20 მლნ ლარის ნახევარი (10 მლნ) ეკონომიკის სამინისტროს - „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მიღებული სესხია.

საწარმო - „ქართლი ტექსტილი“ „აჭარა ტექსტილს“ ეკუთვნის, რომელსაც ბათუმში, ფოთსა და ქობულეთში სამი სამკერვალო ფაბრიკა აქვს. „აჭარა ტექსტილი“ წლიურად 15 მლნ-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტს ახორციელებს. ის თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან როგორებიცაა: Nike, ADIDAS, Puma და ა.შ. დასაქმებულია 3500 ადამიანი.