რომან კაკულია: მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, პროვაიდერებსა და მარეგულირებელს შორის კონსენსუსის მიღწევას

რომან კაკულია: მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, პროვაიდერებსა და მარეგულირებელს შორის კონსენსუსის მიღწევას

ჯერჯერობით, პროვაიდერებსა და კომუნიკაციების კომისიას შორის კონსენსუსი არ შემდგარა. შესაბამისად, ჩემი შეთავაზება კომიტეტისთვის არის, რომ კანონპროექტი 14 ივლისს განვიხილოთ, რათა ეს დრო შეთანხმების მისაღწევად გამოვიყენოთ, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტზე საუბრისას.

„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, პროვაიდერებსა და მარეგულირებელს შორის კონსენსუსის მიღწევას. გასაგებია, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან მოცემულობაზე, რომელსაც ჰქვია სახელმწიფოს აუცილებელი ზედამხედველობა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ ამ პროცესში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მაქსიმალური ურთიერთგაგება მარეგულირებელსა და იმ კომპანიებს შორის, რომელთაც ეხება ეს კანონპროექტი“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

„ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის დღეისთვის დაგეგმილი განხილვა გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, კომუნიკაციების კომისიას დამატებითი ფუნქციები ენიჭება. კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია, დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

არასამთავრობო სექტორში მიიჩნევენ, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი მედიის საქმიანობაში ჩარევის მიმართულებით საფრთხეს შეიცავს.