თორნიკე შენგელია რადიო "ჯორჯიან თაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში მოსკოვის კლუბ „ЦСКА"-ში გადასვლის მიზეზებს ასახელებს.
კალათბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი წუხს, თუ მისი გადაწყვეტილებით ვინმეს გული ატკინა და ამბობს, რომ ყველგან ქართულ დროშას ააფრიალებს.
მისი თქმით, „ЦСКА" ევროპის ტოპ 3 გუნდშია და მოგების შანსიც დიდია.
კალათბურთელი მედიას ცრუ ინფორმაციის და კონტექსტიდან ამოღებული ფრაზების გავრცელებას საყვედურობს.
„არავითარი სხვა შემოთავაზება ევროპიდან არ მქონია, არც მადრიდის „რეალიდან" და არც მილანიდან. 100 %-ით ცრუ ინფორმაციაა.
სპორტული დატვირთვა უნდა მივცეთ ყველაფერს.
„ЦСКА" ევროპის ტოპ 3 გუნდში შედის, აქედან გამომდინარე, იმის შანსი, რომ მოვიგო ეს ტურნირი, არის დიდი. ეს იყო მთავარი ამ შემთხვევაში.
თუ ჩემი გადაწყვეტილებით ვინმეს გული დავწყვიტე, ძალიან ვწუხვარ.
სადაც არ უნდა ვითამაშო, ესპანეთი იქნება, ევროპა, ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი თუ სხვაგან, ჩემს ქვეყანას ვასახელებ და სადაც შესაძლებლობა მექნება, ქართულ დროშას ყოველთვის ავაფრიალებ.
ყოველ ზაფხულს მაქვს საშუალება, თუ შემოთავაზება მექნება, დავტოვო „ЦСКА" და გადავიდე NBA-ში.
ცოტა გულდაწყვეტილი ვარ მედიაზე, რადგან არავინ საუბრობს, რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. კონტექსტიდან ამოღებულ ფრაზებს ავრცელებენ.
არავინ ხაზი არ გაუსვა „ЦСКА"-ს პრეზიდენტის განცხადებას, რომ სანამ სანაკრებო თამაშებზე გამოშვების პუნქტი არ ჩაიდო, მანამდე არ გაგრძელდა კონტრაქტზე საუბარი. არ მინდა, ეს თავის გასამართლებელ საბუთად გამომივიდეს, მაგრამ ჩემთვის პირადად და საქართველოს ნაკრების კაპიტნისთვის ბოლო 2-3 წლის მანძილზე ნაკრების თამაშების ტელევიზორით ყურება ძალიან რთული მომენტი იყო. ეს ვისაც როგორც უნდა ისე გაიგოს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან დამწყდა გული, თუ ვინმეს რამე ვაწყენინე გადადგმული ნაბიჯით, მაგრამ ეს ჩემი ბრალი ნამდვილად არ იყო.
თუ მისაღები შემოთავაზება და პირობები იქნება ამერიკიდან, ვიდრე იქ, სადაც ვარ, რა თქმა უნდა, გადავალ იმ გუნდში, ვინც ასეთ შეთავაზებას გამიკეთებს.
ახლა იმ ეტაპზე ვიმყოფები, რომ უნდა ვარჩიო, რაც უკეთესია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის.
სწორედ ამიტომაც წერია კონტრაქტში, რომ მაქვს უფლება, მივიღო ასეთი გადაწყვეტილება", - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.
მან მოსკოვის ЦСКА-სთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რამაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.