ჯანმო: ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსოფლიომ კორონავირუსის აღმოფხვრა უახლოეს დროში შეძლოს

ჯანმო: ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსოფლიომ კორონავირუსის აღმოფხვრა უახლოეს დროში შეძლოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ რაიანის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსოფლიომ კორონავირუსის აღმოფხვრა უახლოეს დროში შეძლოს.

„ახლანდელი ვითარებიდან გამომდინარე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ვირუსის აღმოფხვრას შევძლებთ. არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, სადაც აღმოფხვრა შეიძლება მოხდეს, კუნძულები და სხვა ადგილები, მაგრამ იქაც არსებობს ვირუსის ხელახალი შემოტანის რისკი“, - განაცხადა მაიკლ რაიანმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ყოველთვის არსებობს ახალი შემთხვევების გავრცელების რისკი.

„გადაცემა, რომელიც ხდება ამგვარ სიტუაციაში შეიძლება იყოს ერთჯერადი, სპორადული შემთხვევები, რომელთა იზოლირება და კარანტინი ადვილად შეიძლება განხორციელდეს. უფრო შემაშფოთებელი შემთხვევა დიდი კლასტერებია“, - დასძინა მან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.