პეტრე მელიქიშვილი - 170

პეტრე მელიქიშვილი - 170

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის და პირველი რექტორის პეტრე მელიქიშვილის 170 წლის იუბილეს მიეძღვნა გამოფენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ექსპოზიცია, რომელზეც თსუ პირველი რექტორის მემორიალური ნივთები, ფოტოები და დაკუმენტური მასალაა წარმოდგენილი, თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ,  წმინდა საყდრის ნუნციამ საქართველოში ჟოზე აველინო ბეტანკურმა, პროფესორებმა და სტუდენტებმა დაათვალიერეს. ექსპოზიცია პეტრე მელიქიშვილის სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ასახავს.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით პეტრე მელიქიშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ოქტომბრისთვის გადაიდო, ამ დროს გაიმართება ალბომის პრეზენტაცია და სამეცნიერო კონფერენცია. „პეტრე მელიქიშვილი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა საქართველოსთვის, ქართული მეცნიერებისთვის და, განსაკუთრებით, ქართული უნივერსიტეტისთვის. მან საქართველოში ჩამოაყალიბა პირველი ევროპული ტიპის სკოლა ქიმიის მიმართულებით. სწორედ ეს იყო ის საფუძველი, რომელიც დღესაც გვაძლევს დიდ რეზულტატს. ცოტა ხნის წინ, თსუ-ის ბაზაზე გაიხსნა ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების წარმომადგენლობა. ეს იმას ნიშნავს, რომ გვექნება საერთაშორისოდ სერტიფიცირებული პროგრამები ქიმიაში, ბიოქიმიაში. ესაა პეტრე მელიქიშვილის მიერ ჩაყრილი საფუძველი, რომელზეც გაიზარდა მთელი პლეადა ქართველი ქიმიკოსების, ბიოქიმიკოსების, რომელთაც ფართოდ გაუთქვეს ქართულ მეცნიერებას სახელი,“- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო უნივერსიტეტში, რომლის პირველი რექტორი იყო პეტრე მელიქიშვილი და სადაც უამრავმა ქართველმა მიიღო განათლება. ადამიანის აზროვნება რწმენისა და მეცნიერების ნაყოფია. ისინი ერთმანეთს ავსებენ. პეტრე მელიქიშვილი იყო დიდებული კათოლიკე ქართველი,“- განაცხადა წმინდა საყდრის ნუნციამ საქართველოში ჟოზე აველინო ბეტანკურმა.

იუბილესთან დაკავშირებით თსუ რექტორმა, წმინდა საყდრის ნუნციამ, სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად თსუ პანთეონში პეტრე მელიქიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს.