ადვოკატი: როცა შაქარაშვილს ეძებდნენ, თენგო ბარბაქაძეს მცხეთაში მდებარე აგარაკთან ახლოს, ავტომობილში ეძინა

ადვოკატი: როცა შაქარაშვილს ეძებდნენ, თენგო ბარბაქაძეს მცხეთაში მდებარე აგარაკთან ახლოს, ავტომობილში ეძინა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ იმ ღამეს, როცა შაქარაშვილს ეძებდნენ, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მცხეთაში მდებარე აგარაკთან ახლოს, ავტომობილში ეძინა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრებში, რომელიც მედიისთვის საჯარო გახდა, ბარბაქაძის გადაადგილება არ ჩანს.

„ტელევიზიებმა გაავლეს პარალელი, რომ ის არ დაბრუნდა დილამდე სახლში და შეიძლება, მას ჰქონოდა შემხებლობა შაქარაშვილის დაკარგვასთან, რასთან დაკავშირებითაც გამოძიებას არ აქვს კითხვები. საქმის მსვლელობისას გამოკითხული ერთ-ერთი მოწმე ამბობს, რომ თენგო ბარბაქაძემ, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მანქანა აგარაკიდან 30-40 მეტრის მოშორებით გაიყვანა და ღამე კუთვნილ ავტომობილში გაატარა. დილის 7-ის ნახევრამდე ეს მანქანა ავტომაგისტრალზე არ გადაადგილდება და რჩება იქ, სადაც დაბადების დღე იყო", - განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თემქაზე მდებარე სახლში, სადაც წვეულება გაგრძელდა, არ იმყოფებოდა.

ბარბაქაძის ადვოკატმა საქმის მასალების ჟურნალისტებისთვის გადაცემაზეც ისაუბრა და მას არაეთიკურს უწოდებს.

„ყველაზე სამწუხარო არის, რომ ამ საქმეში ჩართული ადვოკატები, გამოდიან და იმას, რასაც ჩვენ გამოძიება არ გვედავება, ბრალი არ გვაქვს წაყენებული შაქარაშვილის მკვლელობაზე, ამ მუხლით საქმე არ არის აღძრული, ადვოკატები გამოდიან და ამბობენ, რომ მოხდა მკვლელობა, ესეც დარღვევაა", - განაცხადა ადვოკატმა.