გიგი უგულავა: არ მჯერა, რომ გერმანიის ელჩს ივანიშვილი აფინანსებს, შალვა ნათელაშვილს ზედმეტი მოუვიდა

გიგი უგულავა: არ მჯერა, რომ გერმანიის ელჩს ივანიშვილი აფინანსებს, შალვა ნათელაშვილს ზედმეტი მოუვიდა

მე არ ვთვლი, რომ შალვა ნათელაშვილისგან გერმანიის ელჩის დამცველად „ევროპული საქართველო“ უნდა გამოდიოდეს. თავისი პოზიციის გამოხატვის უფლება ნათელაშვილსაც აქვს, თუმცა მე ვთვლი, რომ მას ზედმეტი მოუვიდა, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

„არ მომეწონა ის, რაც შალვა ნათელაშვილმა თქვა გერმანიის ელჩზე, ვინაიდან ამის მტკიცებულება არ არსებობს და თითქმის გამოვრიცხავ, რომ ელჩი ვინმესგან ფინანსდებოდეს. მეორე მხრივ, ელჩის პოზიცია მცდარია და გიგა ბოკერიამ სწორად თქვა, როდესაც მას თარგმანში დაკარგული უწოდა. ჩემთვის გაცილებით უფრო მძიმე საყურებელი იყო, როდესაც მან სოფო კილაძე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან დაიცვა, მაგრამ ეს მისი საქმეა. მე არ ვთვლი, რომ შალვა ნათელაშვილისგან გერმანიის ელჩის დამცველად „ევროპული საქართველო“ უნდა გამოდიოდეს. თავისი პოზიციის გამოხატვის უფლება ნათელაშვილსაც აქვს, თუმცა მე ვთვლი, რომ მას ზედმეტი მოუვიდა. ფორმალურად გერმანიის ელჩმა სიმართლე თქვა - შეთანხმებაში არც ჩემი გვარი წერია და არც რურუასი, მაგრამ საუბარი იყო პოლიტპატიმრებზე და სასამართლოში მიმდინარე ისეთ საქმეებზე, როგორებიცაა ხაზარაძის საქმე, მელიას საქმე, გვარამიას საქმე და ა.შ. ჩვენი ევროპელი პარტნიორების ინტერესების დაცვა არ ნიშნავს იმას, რომ მე გერმანიის ელჩი რომელიმე ოპოზიციური პარტიის მხრიდან გაკეთებული, თუნდაც დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან უნდა დავიცვა“, - განაცხადა უგულავამ.

გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმების საგანი გიორგი რურუას გათავისუფლება არ ყოფილა, რასაც ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა.