საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომუნალური მომსახურების კომპანიებში ჩატარებული „იდუმალი მომხმარებლის“ კვლევის მომდევნო შედეგები გამოაქვეყნა.
კვლევის ფარგლებში შემოწმდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მიერ მომხმარებლებზე გაწეული მომსახურებისა და სემეკის რეგულაციების შესრულების პროცესი. გამოვლენილი დარღვევების გამოსასწორებლად სემეკის გადაწყვეტილების შესაბამისად, კომპანიებს 1-თვიანი ვადა განესაზღვრათ.
კვლევა განხორციელდა სემეკის დაკვეთით შპს„სერვის კონსალტინგ ანალიტიკური ჯგუფის“ მიერ. 11კომუნალური კომპანიის - სს „თელასის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „თბილისი ენერჯის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „ინტერგაზის“,შპს „თელავგაზის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“, შპს „რუსთავის წყლის“და შპს „ბათუმის წყლის“ მომსახურების ცენტრებშიშემოწმდა ახალი მიერთების, სიმძლავრის გაზრდის, აბონენტის მიერ პირადი ინფორმაციის მოთხოვნის, მომარაგების ტექნიკური ხარისხის შემოწმების, ელექტრონული ქვითრის, ტექსტური შეტყობინების, გადაუხდელობის გამო მომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის, გეგმური წყვეტისა და ქოლცენტრის მომსახურებები.
კვლევის ფარგლებში გამოვლინდა როგორც საერთო, ისე ინდივიდუალური ხასიათის დარღვევები. საერთო ხასიათის დარღვევები მოიცავდა კომპანიების მხრიდან უსაფუძვლო უარს განაცხადის მიღებაზე, განცხადების მიღებისა და რეგისტრაციის პირობების დარღვევას, ელექტრონულ ჟურნალში ვალდებულებების დარღვევას, ელექტრონული ქვითრის წარდგენის ვადის დარღვევას. რიგ შემთხვევებში შეუძლებელი იყო კომპანიის წარმომადგენლის შესაბამისი ნიშნით იდენტიფიცირება. ინდივიდუალური ხასიათის დარღვევები უკავშირდება ქოლცენტრსა და მომსახურების ვადების დარღვევას.
კვლევები დასრულდა ახალი კორონავირუსის (COVID-19) გამო „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის #1 ბრძანებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე.