კომუნიკაციების კომისია უნივერსიტეტებში მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტით იწყებს

კომუნიკაციების კომისია უნივერსიტეტებში მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტით იწყებს

კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების პროექტების განხორციელებას განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახალი სასწავლო წლიდან, სტუდენტებისთვის იწყებს. პირველი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, სადაც მედიაწიგნიერების ერთობლივი პროექტები განხორციელდება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია.

თანამშრომლობის ფარგლებში, მედიაწიგნიერების განვითარებისთვის ერთობლივ პროექტებში თსუ-ს აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ჩაერთვებიან. შემდგომ ეტაპზე, კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების განვითარებისთვის ზრუნვას სხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობითაც გეგმავს.

ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, რაც სტუდენტებს ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის გარჩევაში დაეხმარება, კომუნიკაციების კომისია საგანმანათლებლო სესიებს, სემინარებსა და ტრენინგებს თსუ-ს აკადემიურ პერსონალთან ერთად ჩაატარებს. სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ მედიაწიგნიერების კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, ხოლო შემდგომ ეტაპზე, სასწავლო კომპონენტის განხორციელება სწორედ მათი თანამონაწილეობით სკოლებში მოხდება.

რაც შეეხება პროექტს „მედიის ეკონომიკა“, კომუნიკაციების კომისიის დახმარებით, სტუდენტები მედიის ეკონომიკის საერთაშორისო გამოცდილების ახალ მიდგომებს დაეუფლებიან. ამ მიმართულებით თანამშრომლობა, როგორც საგანმანათლებლო კომპონენტს, ისე სტარტაპების მიმართულებით ერთობლივ მუშაობას გულისხმობს.

კომუნიკაციების კომისიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მედიაწიგნიერების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას დღეს კომუნიკაციების კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ და თსუ-ს კანცლერმა, ლაშა საღინაძემ მოაწერეს ხელი. თანამშრომლობის ფარგლებში, უნივერსიტეტის პროფესორებსა და აკადემიურ პერსონალს ექნებათ წვდომა მედიაწიგნიერების ვებ-პლატფორმაზე, სადაც ისინი საერთაშორისო მასშტაბით მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ახალ სასწავლო რესურსებს გაეცნობიან. ამასთან, მათ ექნებათ შესაძლებლობა ვებ-პლატფორმაზე საკუთარი სასწავლო მასალები განათავსონ.

თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით, ერთობლივი სესიები და კონფერენციები ჩატარდება. შემუშავდება რეკომენდაციები მედიაწიგნიერების სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სილაბუსების განვითარებისა და დახვეწისათვის.