გადაცემა „მთავარი აქცენტების“ წამყვანმა სააკაშვილს მის ინიციატივასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ლიდერების გამოხმაურებაზე ჰკითხა.
„ერთიანი საარჩევნო სიის შექმნასთან დაკავშირებით გიგა ბოკერიამ გიპასუხათ, რომ ეს უდროო ინიციატივაა და ვერ გახდებით დანარჩენი ოპოზიციის წინა ხაზზე, ნათელაშვილმა თქვა, რომ ეს არის ჩასაძირად განწირული „ტიტანიკიო“, ხაზარაძემ კი გითხრათ, რომ ჩვენ ჩვენი გზა გვაქვსო“,- მიმართა გადაცემის წამყვანმა სააკაშვილს. ექსპრეზიდენტის აზრით, ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს.
„ჯერ არავის მოუგონია გამარჯვების უკეთესი ფორმულა, ვიდრე ერთობის. ველოსიპედს ნუ მოვიგონებთ. ჩვენი საუკუნეების სიბრძნეა, ძალა ერთობაშია. ამის გარეშე წარმატების მიღწევა ძნელია, ბოლოს და ბოლოს ეს მიღწევადია, ყველა შემთხვევაში ივანიშვილი მაინც დამარცხდება, მაგრამ ეს არის ბევრად მარტივი. როგორ შეიძლება დაყოფა იყოს უფრო ეფექტური, ვიდრე ერთიანობა. როგორ შეიძლება ერთმანეთთან ქიშპობა, როცა ამხელა წინააღმდეგობა გაქვს. ბარში კი არ ვართ, სადაც სასმელებს ვარჩევთ და ვაჭაშნიკებთ, ვიღაცას მოსწონს ერთი კოქტეილი, მეორეს მოსწონს სხვა რაღაც. ახლა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ვართ. ჩვენ წინააღმდეგ არის ძალიან ვერაგი, თავზეხელაღებული, უტიფარი, დაუნდობელი ძალა. ამ პირობებში როგორ შეიძლება ვიძახოთ, რომ უნდა დავიტოვოთ გზა ერთმანეთს ვექიშპოთ, ვეკამათოთ. ვინ იქნება ამ ბრძოლის წინა ხაზზე, ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს. ხვალ, ვიღაც ჩვეულებრივი ადამიანი, ახალგაზრდა გამოვა წინა პლანზე, აიტაცებს ამ დროშას და ის იქნება წინა პლანზე. და ნუ შეგშურდებათ, ახლა შურის, ბოღმის დრო არ არის, ძველი ანგარიშების გასწორების დრო არ არის. ჩემთან დატოლების დროც არ არის, რადგან გარწმუნებთ, რომ ჯერ ერთი ვერ დამეტოლებით, ბევრი მიზეზის გამო, მეორეც, მე ამით არაფერი დამაკლდება, ამით საერთო საქმეს აკლდება. მოდით, მივხედოთ საქმეს“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, თბილისში 6 მაჟორიტალური ოლქის დათმობა იყო ძალიან გულუხვი ჟესტი. მისი მტკიცებით, მელიას ეს ინიციატივა მასთან იყო შეთანხმებული.