საუნივერსოტეტო კლინიკის დირექტორმა მე-14 პაციენტის დაავადების სიმძიმე განმარტა. ლევან რატიანის თქმით, 68 წლის პაციენტი საუნივერსიტეტო კლინიკაში 4 აპრილს, სეფსისი ცენტრიდან გადაიყვანეს.
მას ჰქონდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პაციენტი კლინიკაში შეყვანისთანავე მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.
ტომოგრაფიის შედეგად დადგინდა, რომ ფილტვის ქსოვილს სასიცოცხლო ფუნქცია არ ჰქონდა. ამასთან, გამოვლინდა იმუნოდეფიციტი.
პაციენტს 70 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ. მას მე-15 დღეს PCR ტესტით ვირუსი აღარ უფიქსირდებოდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-14 პაციენტი 13 ივნისს გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვს დღეს ერთი დაემატა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 851 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 703 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.