გიორგი კანდელაკი: ობიექტური საფუძველი, რომ არჩევნები შეიძლება გადაიდოს, არ არსებობს

გიორგი კანდელაკი: ობიექტური საფუძველი, რომ არჩევნები შეიძლება გადაიდოს, არ არსებობს

არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციაში აფასებენ. „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, დღეს, ობიექტური საფუძველი იმისა, რომ არჩევნები შეიძლება გადაიდოს, არ არსებობს.

მისივე თქმით, როდის და რა სისტემითაც არ უნდა გაიმართოს არჩევნები, საზოგადოების კონსენსუსი იმის შესახებ, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, იმდენად ძლიერი და აშკარაა, რომ ნებისმიერ დროს მმართველი გუნდი განწირულია ოპოზიციაში გადასასვლელად.

თავის მხრივ, „ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას შეფასებით, თარიღს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და მზად არიან, ნებისმიერ დროს იბრძოლონ.

„შესაძლებელია, ჩვენ გვამზადებდნენ იმასთან შესაგუებლად, რომ არჩევნების გადადებას აპირებენ. მანამდე კი, ოპოზიციური სპექტრი ხელახლა გამოკეტონ სახლებში და პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიონ, რაც არაერთხელ ვნახეთ. შესაძლებელია, ეს ყველაფერი იმას ემსახურებოდეს, რომ ამ აზრს აგუებდნენ საზოგადოებას, რომ ჩვენ გველის შემდგომი საშიშროება და წინასაარჩევნოდ, თავისუფლება უნდა შეიზღუდოს, რაც მათ პოლიტიკურ ინტერესებშია“, - აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

მისივე თქმით, ასეთი შემთხვევები დასავლეთ ევროპაშიც იყო, თუმცა ეს პერიოდი იქ კრიზისის მწვავე ფაზას ემთხვეოდა, ამის საფრთხე კი საქართველოში არ დგას.

ირაკლი კობახიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, რომ თუ ეპიდემიის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე, 31 ოქტომბრამდე პერიოდს, არჩევნები შეიძლება დეკემბერში გაიმართოს.

 

ზურაბი რა ადარდებთ ამას კახიძეს ბოკერიას და მაგ "სასტავს", მაგათ ნამდვილად არავინ არსად აირჩევს და წავიდნენ რამე სხვა საქმეს ეწიონ, სანამ დროა.
4 წლის უკან