„არა და არა რასიზმს, თუმცა აშშ-ში ამჟამად მიმდინარე დაპირისპირება, ჩემი გადმოსახედიდან, სწორედ რომ რასიზმის გაღვივებას უწყობს ხელს..:

„არა და არა რასიზმს, თუმცა აშშ-ში ამჟამად მიმდინარე დაპირისპირება, ჩემი გადმოსახედიდან, სწორედ რომ რასიზმის გაღვივებას უწყობს ხელს..:

ფეისბუქ-მომხმარებელი გელა კურტანიძე სოციალურ ქსელში წერს:

„იცანით ალბათ გოიკო მიტიჩი, ბალკანელი მსახიობი, დღეს იგი იუბილარი გახლავთ - 80 წელი შეუსრულდა..

ჩემ თაობას კარგად გვახსოვს მისი შესრულებით ჩინგაჩგუკი, ტეკუმზე, ოცეოლა, ვინეტუ - თავისუფლებისათვის მებრძოლ ინდიელთა სახეები. მათი წყალობით, ასევე მაინ რიდის ნაწარმოებების დამსახურებით, ისიც ვიცით, როგორ გაანადგურეს იანკებმა ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელები, ქალიან-მოხუციან-ბავშვიანად, გადარჩენილები კი რეზერვაციებში გამოამწყვდიეს..

ასე დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების ისტორია და დღეს, როდესაც მის თეთრკანიან ნაწილს თხოვენ მუხლებზე დადგომით ბოდიში მოუხადონ შავკანიანებს, ასწლეულების განმალვობაში მათი ჩაგვრის, ძარცვის, მათზე ძალადობისა გამო, უპრიანი ხომ არ იქნებოდა ეს ინდიელებით დაეწყოთ: მათ წინაშე დაეჩოქათ და შენდობა ეთხოვათ სრულიად განადგურებული ტომების, გადამწვარი სოფლების, მოხუცებისა და ბავშვებისაგან ახდილი სკალპების გამო?!

ვერ დავიკვეხნი აშშ-ს მიმართ დიდი სიყვარულით, თუმცა პატივს ვცემ ამ მართლაც უდიდეს დემოკრატიულ ქვეყანას, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს და მინდა, ნამდვილად მინდა, მასში მშვიდობამ დაისადგუროს!

ამჟამინდელი მოთხოვნა ბოდიშის მოხდისა კი სხვა ფილმს მახსენებს: სცენას "მამაცი გულიდან", როდესაც ბრძოლის წინ უოლიამ უოლესი ინგლისელთა წინამძღოლს თავაზობს დადგეს შოტლანდიელთა ჯარის წინ, ბოდიში მოიხადოს, მერე გაყოს თავი ფეხებს შუა და საკუთარ უკანალს აკოცოს. გასაგებია ამ მოთხოვნის მიზანი, უოლესს ბრძოლის გაჩაღება სწყურია და არა ინგლისელ-შოტლანდიელ დიდებულთა მორიგი გარიგება..

რა თქმა უნდა, არა და არა რასიზმს, თუმცა აშშ-ში ამჟამად მიმდინარე დაპირისპირება, ჩემი გადმოსახედიდან, სწორედ რომ რასიზმის გაღვივებას უწყობს ხელს..

რასობრივი უთანასწორობის აღმოსაფხვრელად კი საჭიროა ურთიერგაგებისა და თანამშრომლობის უმაღლესი დონე. ვგონებ უკვე ნათელია, რომ მშვიდობიანი დასასრულისთვის ყველა მხარის ლიდერების მხრიდან საჭირო იქნება დამოკიდებულებისა და შეხედულებების ძირეული ცვლილებები, რათა მხარეების ქმედებები ურთიერთდაპირისპირების კი არა, მათი მშვიდობიანი თანაარსებობისაკენ იქნეს მიმართული..

გოიკო მიტიჩს კი ვულოცავ იუბილეს და დიდ მადლობას მოვახსენებ ინდიელთა როლების იმგვარად შესრულებისთვის, რომ მათი შემხედვარე, ომობანას თამაშის დროს, მუდამ ინდიელთა მხარეს ყოფნას ვარჩევდი ხოლმე.“