საქართველოში კორონავირუსით მეთოთხმეტე პაციენტი გარდაიცვალა. ის 66 წლის კაცია და ე.წ. „ეროვნული ბანკის“ კლასტერიდანაა. კაცი ბანკის საცავში მუშაობდა. პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ორთვენახევრის განმავლობაში მკურნალობდა.
თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ეს პაციენტი მათ კლინიკაში სეფსისის ცენტრიდან შეიყვანეს. მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა და გულის პრობლემები ჰქონდა.
პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ჰქონდა ორმხრივი პნევმონია. ასევე დადასტურებული ჰქონდა გულის პრობლემები. „ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.
საქართველოში კორონავირუსი 851 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 702 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2795 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 252.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.