ირაკლი კობახიძე: პანდემიის პირობებში პირიქით, საერთაშორისო პარტნიორები და ოპოზიცია ითხოვს ხოლმე არჩევნების გადადებას

ირაკლი კობახიძე: პანდემიის პირობებში პირიქით, საერთაშორისო პარტნიორები და ოპოზიცია ითხოვს ხოლმე არჩევნების გადადებას

შეიძლება პანდემიის დროს საარჩევნო უბნებზე ორი მილიონიდან არ მოვიდეს მილიონი ადამიანი ან მილიონნახევარი. ნებისმიერი არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაციის ხარისხი დავარდება, თუ ეპიდემიის გამო ადამიანები თავს იკავებენ საარჩევნო უბნებზე მისვლისგან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლდერმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ამიტომ სჯობს პანდემიის პირობებში არ ჩატარდეს არჩევნები და ეს არის საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაცემული რეკომენდაცია სხვადასხვა ქვეყნის მიმართ. „იგივე პოლონეთის შემთხვევაში... რამდენიმეა ქვეყანა იყო ასეთი, სადაც ან რეფერენდუმის ჩატარება სურდათ ან არჩევნების. იქ ხელისუფლება ითხოვდა არჩევნების დანიშვნას, თვითონ სურდა არჩევნების დანიშვნა და პირიქით, ოპოზიცია და საერთაშორისო პარტნიორები გამოვიდნენ მოთხოვნით, რომ არჩევნები პანდემიის პირობებში გადადებულიყო და არ ჩატარებულიყო. როცა ასეთი მოცემულობა დგება დღის წესრიგში, პირიქით საერთაშორისო პარტნიორები და ოპოზიცია ითხოვს ხოლმე არჩევნების გადადებას“, - განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, რომ არჩევნები შეიძლება დეკემბერში ჩატარდეს. „თუ ეპიდემიის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე, 31 ოქტომბრამდე პერიოდს, მაშინ არჩევნები ჩატარდება დეკემბერში“, - აღნიშნა კობახიძემ.