გიორგი გახარია: ერთმანეთზე ზრუნვა ერთადერთი გამოსავალია ჩვენი წარმატებული მომავლისთვის

გიორგი გახარია: ერთმანეთზე ზრუნვა ერთადერთი გამოსავალია ჩვენი წარმატებული მომავლისთვის

დღეს, ქვეყნისთვის და ამ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი და ტრაგიკული დღეა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მზიურის განახლებული პარკის გახსნის ღონისძიებაზე განცხადა და აღნიშნა, რომ „13 ივნისი - ეს იყო შოკისმომგვრელი სტიქია ყველა ჩვენგანისთვის და ყველას გვახსოვს, რა მძიმე იყო პირველი წუთები; ეს თითოეულმა თბილისელმა წუთების განმავლობაში გაიაზრა“.

პრემიერმა გმირი მაშველი ზურაბ მუზაშვილი გაიხსენა, რომელმაც 8 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა. გიორგი გახარიას თქმით, ეს სახელი ყოველთვის უნდა გვახსოვდეს.

„ამ სტიქიას შეეწირა ჩვენი 21 მოქალაქის სიცოცხლე, ჩვენი ორი მოქალაქე დღესაც უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. უამრავმა ადამიანმა, ასობით ადამიანმა განიცადა სერიოზული დარტყმა, სერიოზული ზარალი. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ ზურაბ მუზაშვილი, ეს გმირი ადამიანი, მაშველი, რომელმაც რვა მოქალაქე გადაარჩინა, წყლიდან გამოიყვანა, მაგრამ ის თავად დაიღუპა. ეს დღე, რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ეს სახელი ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს ადამიანები, ეს არის უდიდესი ტკივილის დღე, მაგრამ ამასთან ერთად, ეს არის დღე, როგორც ქართველებს გვჩვევია, სანამ რაღაც დიდი გამოწვევა არ გვაქვს, არ გავერთიანდებით, ეს არის დღე, როდესაც ჩვენ ახალგაზრდებმა მოგვცეს უდიდესი მაგალითი ერთიანობის, სოლიდარობისა და, რა თქმა უნდა, ერთმანეთზე ზრუნვის. ეს ის მაგალითია, რომელიც ჩვენთან ერთად უნდა დარჩეს და ის მაგალითია, რომელმაც სინათლე უნდა დაგვანახოს ბოლოში სადღაც ეს ის მაგალითია, რომელიც დღეს ჩვენ ასე გჭირდება, როდესაც გვაქვს სერიოზული გამოწვევა, სერიოზული ეპიდემია და ეს ახალგაზრდები არიან იმედისა და მაგალითის მომცემი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

განახლებული მზიურის პარკის გახსნის ღონისძიებაში ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, თბილისის მერი კახა კალაზე და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მონაწილეობდნენ.