რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ ლუგარის ცენტრი ღიაა ყველასთვის, ვინც შესაბამის ნორმებს დააკმაყოფილებს.
ზურაბ აბაშიძემ Imedinews-ს განუცხადა, რომ თუ რუს სპეციალისტებს ჩამოსვლა სურთ, უნდა ჩამობრძანდნენ, მაგრამ ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის სხვა წევრებთან ერთად და არა - მხოლოდ რუსი ექსპერტები, რადგან ქართულ მხარეს აქვს მყარი განცდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათი დასკვნები და ნაბიჯები იქნება ტენდენციური და არაობიექტური.
„რუსეთს ეს თემა სჭირდება თავისი საგარეო პოლიტიკური ამოცანებისთვის, დასავლეთთან ურთიერთობებსა და მათთან წინააღმდეგობების კონტექსტში, აშშ-სთან - იმის არგუმენტად, თუ „რა ცუდად იქცევა შეერთებული შტატები და როგორ არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს“; როგორ უქმნის პრობლემებს რუსეთს მის საზღვრებთან ახლოს. ეს არის ერთი ამოცანა. ასევე - შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვისაც იყენებს ამ თემას.
რა ხდება ლუგარის ცენტრში, მშვენივრად იციან მათმა სპეციალისტებმა. ადრე ადრიან ნამყოფი - 2018 წელს მოწვეული იყვნენ საერთაშორისო ღონისძიებაზე და არ ჩამოვიდნენ. შთაბეჭდილება გვექმნება, რომ ასეთ მდგომარეობაში უფრო აინტერესებთ ამ საკითხის წამოწევა თავისი მიზნებისთვის, რაზეც უკვე ვისაუბრე.
რა არგუმენტებიც არ უნდა წარმოვადგინოთ, რთული იქნება მათი ამ კამპანიის შეჩერება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიმეორებთ, რომ ლუგარის ცენტრის კარი ღიაა ყველასთვის, ვინც შესაბამის ნორმებს დააკმაყოფილებს.
თუ სპეციალისტებს უნდათ ჩამოსვლა, ჩამობრძანდნენ, მაგრამ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად - ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის სხვა წევრებთან ერთად და არა - მხოლოდ რუსი ექსპერტები, რადგან ჩვენ გვაქვს მყარი განცდა იმისა, რომ თუ ისინი მარტო ჩამოვლენ, მათი დასკვნები და ნაბიჯები იქნება ტენდენციური და არაობიექტური“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
რა ბერკეტი აქვს თბილისს ამ კამპანიის შესაჩერებლად, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ საქართველო საერთაშორისო ნორმების შესაბამისად მოქმედებს.
„ჩვენ ვპასუხობთ საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, ამ კონვენციის ნორმების შესაბამისად, ამ კონვენციის სამდივნო არის ჟენევაში და ისინი საქმის კურსში არიან. სხვა ქვეყნებიც საქმის კურსში არიან, მათ კითხვები არ აქვთ, რადგან მათ კარგად იციან, რა ხდება.
რუსეთს ამ ვითარებაში აწყობს, რომ ეს თემა მუდმივად „ტივტივებდეს“ და არც იმის შთაბეჭდილება გვექმნება, რომ მართლა უნდათ ჩამოსვლა. სურვილის შემთხვევაში, ჩამოვიდოდნენ და დათანხმდებოდნენ ჩვენს მიერ შეთავაზებულ ფორმულას“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
რუსეთის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიაზე არაერთი კრიტიკული განცხადება გაკეთდა. 12 ივნისს კი ეუთოში რუსეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „საქართველოსა და უკრაინის ბიოლოგიურ ლაბორატორიებში განსაკუთრებით საშიში პათოგენებით დახურული ექსპერიმენტები ტარდება ჭირისა და ჰემორაგიული ცხელების ჩათვლით. მანვე აღნიშნა, რომ ყველას აქვს უფლება, იცოდეს, სინამდვილეში რა იხარშება საქართველოს და უკრაინის ბიოლოგიურ ლაბორატორიებში.