სპეციალისტების ვარაუდით, აბასთუმნის ტყეში ხანძარი ხელოვნურად არის გაჩენილი. როგორც ადგილზე მყოფი სპეციალისტები აცხადებენ, ტყე კონტროლდება სპეციალური დრონით, რომელიც იმგვარადაა დაპროგრამებული, რომ უმცირეს ნაპერწკალსაც კი აფიქსირებს, რათა დროულად მოხდეს ხანძრის გავრცელების პრევენცია.
დრონმა ხანძრის კერის დაფიქსირებამდე რამდენჯერმე გადაუფრინა ტყის მასივს და ხანძრის ნიშნები არაფერი დაფიქსირებულა. გარდა ამისა, სპეციალისტების განცხადებით, მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა და ტყე პრაქტიკულად სველია, რაც ნიშნავს იმას, რომ ცეცხლის ბუნებრივად გაჩენის საფრთხე მინიმალური იყო. სწორედ ამიტომ, მათი ვარაუდით, დიდი ალბათობით, ეს არის ხელოვნურად შექმნილი ხანძრის კერა.
აღსანიშნავია, რომ აბასთუმნის ხეობაში ცეცხლი მაშინ გაჩნდა, როცა იქ ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა და ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო სამსახურის მისვლამდე სწორედ ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა შეძლეს. ხანძარი თავდაპირველად 14:00 საათზე გაჩნდა. მიუვალ ადგილზე, სადაც არ გადის სამანქანო გზა და შემთხვევითი გამვლელების თუ ტურისტების მოხვედრა ნაკლებსავარაუდოა, ერთდროულად, ხანძრის ორი კერა გაჩნდა. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. ადგილს უტარდება ექსპერტიზა. შესაბამისმა სამსახურებმა მოკვლევა დაიწყეს.