ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, 32 წლის ექიმი გუბაზ კორძაია ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ახალგაზრდა ექიმი, მსუბუქი ავტომობილით მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა.
კორძაიამ 12 ივნისს ქუთაისში ოპერაცია ჩაატარა და თბილისში ბრუნდებოდა. ის ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად მუშაობდა. გარდაცვლილს ორსული მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
"ადამიანი ბრუნდებოდა ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში. ერთი სამსახურიდან მეორე სამსახურში. სახლში ორსული მეუღლე და ორი ბავშვი ელოდებოდა. სულ რამდენიმეჯერ გადავიკვეთეთ საოპერაციოში და ერთად ვიმუშავეთ, მაგრამ შორიდანვე ეტყობოდა კეთილი გულის პატრონობა. წესიერი, მცოდნე, საყრდენი კაცი. ძალიან დადებითი და ნათელი" - წერს ექიმი ილია გოცაძე.
"ამდენი სიყვარულის მოგროვება როგორ მოასწარი, რომ შეშლილი მირეკავს ყველა, მეგობარიც, პაციენტიც და უბრალო ნაცნობიც. გუბაზიკ, ოღონდ ეს არ მომხდარიყო, რამდენ წელს გაჩუქებდით ჩემო ოქრო ადამიანო. უბრალოდ არ უნდა მომხდარიყო" - წერს გარდაცვლილი ექიმის კოლეგა ანა ბოქოლიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც მსხვერპლი გამოიწვია.