„ცოტა გაკვირვებული და კმაყოფილი ვადევნებდი თვალს, ეპიდემიის და შემდეგ პანდემიის გაჩენის პირველი თვე-ნახევრის განმავლობაში როგორი კონსოლიდირებული იყო საზოგადოება, პოლიტიკური პოლარიზაციაც კი მივიწყებული იყო", - ამის შესახებ პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემა „შემდეგი გაჩერების“ ეთერში ისაუბრა.
„ყველა იყო სოლიდარული, სანამ ვირუსი რაღაც გაურკვეველ საფრთხეს ქმნიდა, სანამ ყველა შეშინებული და შეშფოთებული იყო, რა გველოდებოდა. როდესაც ყველაფერი დალაგდა, როდესაც გაირკვა, რომ ეს პანდემია სერიოზულია, საშიშია, სიკვდილობა საკმაოდ მაღალია, გადამდებობა ძალიან მაღალია, მაგრამ არ არის კატასტროფული და შეიძლება თანაცხოვრება მასთან, ამან ერთგვარად მოხსნა ის ბარიერები, რომელიც განაპირობებდა სოლიდარობას. განსაკუთრებით გაათამამა საზოგადოება საქართველოში არსებულმა სიტუაციამ, გამოჩნდა დესტრუქციული, განსხვავებული მოსაზრებები... მიუხედავად უშუალოდ სამედიცინო სფეროში დიდი წარმატებისა, რომელსაც ვერავინ უარყოფს, გაიზარდა კრიტიკა სხვა მიმართულებით, რომ ეკონომიკის რეცესია მოხდა, რომ თავისუფლებების შეზღუდვას ნეგატიური პროცესები ახლავს. და რომ კიდევ კარგად იყო დასაფიქრებელი უნდა შეგვეზღუდა თუ არა ეს თავისუფლებები... კრიტიკამ გადაინაცვლა ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჭრილში“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, საქართველომ ამ დაავადებასთან ბრძოლაში წარმოაჩინა კრიზისის მართვის შესაშური უნარი, ისეთი, როგორიც ვერ აჩვენეს ევროპის და ამერიკის წამყვანი ქვეყნების მთავრობებმა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სფეროში სიტუაცია გაუარესდა, მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად.
„გაჭირდება ბევრი ასეთი სხვა ქვეყნის დასახელება, რომელიც განვითარებით საქართველოს დონეზეა... ნუ შევადარებთ საქართველოს ამერიკას, გერმანიას, შვეიცარიას ან შვედეთს. მათ რეზერვიც მეტი აქვთ. ჩვენ იმხელა თანხების მობილიზების საშუალება არ გვაქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ იმ რესურსების მობილიზაცია, რაც საქართველოს გააჩნია, მოხდა სწორად და განკარგვაც მოხდება სწორად“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. მისი თქმით, საქართველო სამედიცინო კუთხით კრიზისს რეგიონში ყველაზე წარმატებით გაუმკლავდა.
„ჩვენ უნდა შევეცადოთ შევინარჩუნოთ ის, რასაც მივაღწიეთ... გარკვეული თვითცენზურა, უსაფრთხოების წესები, რომელიც გამოგვიმუშავდა და რომელსაც საგანგებო მდგომარეობის და შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც ჯერჯერობით ვასრულებთ - პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია და სხვა. უნდა შეველიოთ განწყობას, რომ აღარ არის საჭირო ანგარიში გავუწიოთ კოვიდის საფრთხეს, რომ კოვიდი დამარცხებულია და უკვე შეგვიძლია ვაკეთოთ ყველაფერი. ამ განწყობას უნდა შეველიოთ. ჩვენი პირველი შემდეგი გაჩერება იქნება ის, თუ რა მდგომარეობაში ვიქნებით მას შემდეგ, რაც მთლიანად მოიხსნება შეზღუდვები და რაც გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება".
საქართველოში კორონავირუსი 851 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 702 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2795 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 252.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.